მთავარი გადაცემები სხივი ფუკუშიმა 10 წლის შემდეგ

ფუკუშიმა 10 წლის შემდეგ

2011 წლის 11 მარტს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბირთვული ელექტროსადგური ფუკუშიმა ცუნამმა ნაწილობრივ მწყობრიდან გამოიყვანა. მოსახლეობის დიდი ნაწილი სასწრაფოდ გაერიდა იქაორობას. ბირთვული სადგურის ექსპლუატაციიდან გამოყვანისა და გაწმენდის სამუშაოები დაიწყო.

საინტერესოა, როგორია მდგომარეობა დღეს? როგორ გაუმკლავდა იაპონია ამ ჯოჯოხეთს? რა ასწავალა ამ კატასტროფამ  იაპონიას და საერთაშორისო საზოგადოებას? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, „ევრონიუსის“ გადამღები ჯგუფი ფუკუშიმაში ჩავიდა, სადაც ექსპერტებსა და ევაკუირებულ ხალხს შეხვდა.

ცუნამის დროს 15 მეტრის სიმაღლის ტალღამ ტოკიოს ჩრდილოეთით მდებარე ფუკუშიმას 6 რეაქტორიდან 4 მწყობრიდან გამოიყვანა. კატასტროფის შემდეგ, იაპონიის მთავრობა და ბირთვული სადგურის ოპერატორი კომპანია  Tepco ელსადგურის შეჩერებაზე მუშაობენ. ეს გაწმენდითი სამუშაოს ჩატარებასაც გულისხმობს, რომელიც 30-40 წელში უნდა დასრულდეს.

ელსადგურის ექვსივე რეაქტორი დაიხურა. მეხუთე და მეექვსე რეაქტორები ტალღას გადაურჩნენ, მეოთხე  კი საწვავისგან დაიცალა. ცუნამის შემდეგ, პირველ რიგში, დღის წესრიგში რეაქტროების დახურვის საკითხი დადგა. რადიოაქტიური ნივთიერების გაჟონვა რომ შეეჩერებინათ, დანადგარებს წყლის ჭავლით აგრილებდნენ. როგორც კიმოტო ტაკაჰირო, Tepco -ს წარმომადგენელი განმარტავს,  „რეაქტორების გაგრილება ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ ამით დავიწყეთ. ამის შემდეგ საწვავის ავზებზე გადავედით.“

შემდეგი ეტაპი რეაქტორების საწვავის ავზების დაცლაა, რასაც 10 წელი სჭირდება. 2021 წლის თებერვალში დაზიანებული რეაქტორების საწვავი ღეროების ორი-მესამედი რობოტების დახმარებით მოხსენს.

გაწმენდითი სამუშაოების მესამე ეტაპი ნაშალის გატანაა: ეს ძალიან ხანგრძლივი და დელიკატური პროცესია, რომელიც პირველ, მეორე და მესამე რეაქტორებზე ჩატარდება. სამუშაოები პანდემიის გამო გადაიდო.

ბირთვული სადგურის გაწმენდის სამუშაოებს 4-5 ათასი ადამიანი ასრულებს და ბევრს დამცავი კოსტიუმი  არც აცვია, რადგან ტერიტორია უკვე კარგად არის გაწმენდილი. თუმცა ეს არ ითქმის წყლის გასაფილტრ განყოფილებაზე, რომლის სისტემაც ამერიკამ სპეციალურად ფუკუშიმასთვის შექმნა.

ფუკუმაცუ ტერუკი, Toshiba Energy Systems-ის მთავარი ტექნოლოგი ამბობს, რომ  დაზიანებულ რეაქტორში გამდნარი საწვავია ჩარჩენილი, რომელიც მუდმივად უნდა გრილდებოდეს.

„ ამიტომ წყალს ვასხამთ. აქედან გამოსულ დაბინძურებულ წყალს ტუმბავენ და საფილტრ სისტემაში უშვებენ, რომელიც რადიაციასაგან, ფაქტობრივად, სრულად წმენდს, მხოლოდ ტრიტიუმი  რჩება და წყალი ბიდონებში ისხმება“, – ამბობს   ფუკუმაცუ ტერუკი.

ტრიტიუმი წყლის მოლეკულის შემადგენელი ბუნებრივი ნაწილაკია, განგვმარტავას გეორგ შტაინჰაუზერი, ჰანოვერის ლაიბნიცის უნივერსიტეტის პროფესორი, დრომელმაც ფუკუშიმა სამჯერ მოინახულა.

გეორგ შტაინჰაუზერი, ჰანოვერის ლაიბნიცის უნივერსიტეტის პროფესორი:

„ტრიტიუმი ადამიანის ორგანიზმში არ გროვდება, რადგან მისი ნახევარდაშლის პერიოდი მცირეა. ორგანიზმი მას სწრაფად გამოყოფს. ტრიტიუმი ყველაზე მცირე პრობლემაა.“

გადამუშავებული წყალი ათასობით ბიდონში ისხმება, რომლებიც 1.24 მილიონ კუბურ მეტრ წყალს იტევს. ეს ბიდონები 2022 წლისთვის გაივსება. ამიტომ ეს წყალი უნდა ამოაშრონ. ამის ორი გზა არსებობს: ან ჰაერში უნდა გაუშვა  – ან ზღვაში. მეორე ვარიანტი ადგილობრივ მეთევზეებსა და ფერმერებს არ მოსწონთ, რადგან შიშობენ, რომ ამის გამო მათ პროდუქციას სახელი გაუტყდება და ვეღარ გაყიდიან.

მთავრობა ცდილობს, საუკეთესო გამოსავალი იპოვოს, რომელიც პრობლემას ორ წელში გადაწყვეტს, თუმცა ეს ჯერ ბირთვული უსაფრთხოების ზედამხედველი ორგანოსთან უნდა შეთანხმდეს, რომელიც ფუკუშიმას ტრაგედიის შემდეგ შეიქმნა.

კიმოტო ტაკაჰირო, TEPCO-ს წარმომადგენელი ამბობს, რომ წყლის ნიმუშებს სისტემატურად იღებენ და ის უკვე სუფთაა.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ფუკუშიმა ჩერნობილის კატასტროფისაგან განსხვავდება.

გეორგ შტაინჰაუზერი, ჰანოვერის ლაიბნიცის უნივერსიტეტეის პროფესორი:

„ჩერნობილის კატასტროფის დროს პლუტონიუმისა და ამერიციუმის დიდი რაოდენობა გამოიყო. მათი ნახევარდაშლის პერიოდი კი 20 ათასი წელია. ამიტომ ჩერნობილი სამუდამოდ დაბინძურებულია. ფუკუშიმა სულ სხვა საკითხია. იქ პლუტონიუმი ისეთი უმნიშვნელო რაოდენობით გამოიყო, რომ ყურადღების მიქცევაც არ ღირს. ფუკუშიმიდან ძირითადად რადიოაქტიური ცეზიუმის გაჟონვა მოხდა. ცეზიუმის ნახევარდაშლის პერიოდი 30 წელია.“

კატასტროფის შემდეგ იაპონიამ, ბირთვული სადგურების უსაფრთხოების სტანდარტები შეცვალა და თავის გამოცდილებას ახლა მთელ მსოფლიოს უზიარებს.

ფუკუშიმას შესახებ უფრო მეტის გასაგებად „ევრონიუსი“  ატომური ენერგიის სააგენტოს წარმომადგენელს კრისტოფერ შერის ესაუბრა, რომელიც ბოლოს 2018 წესლ იყო ფუკუშიმაში.

ევრონიუსი: რა დარჩა კიდევ ფუკუშიმაში გასაკეთებელი?

ქრსიტოფერ შერი, ატომური ენერგიის სააგენტოს [NEA]  ბირთვული საწვავის ციკლისა და ნარჩენების ტექნოლოგიის დირექტორი:

„ჯერ კიდევ ძალიან დიდი ფართობია გასაწმენდი, ყველაზე რთული ნაწილია გამდნარი საწვავის, კორიუმის ნარჩენების გატანა, რასაც ძალიან დიდი დრო დასჭირდება.“

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ 2020 წელს იაპონიაში ვიზიტის დროს მოიხიბლა იაპონიის პროგრესით. როგორ მიმდინარეობდა თანამშრომლობა იაპონელებსა და საერთაშორისო ინსტიტუტებს შორის?

„ჩვენ, როგორც გაეროს წარმომადგენლებმა, სამუშაოები ადგილზე მოვინახულეთ. როდესაც ვამბობ ჩვენ, ვგულისხმობ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებსა და იმ საერთაშორისო ექსპერტებს, რომლებიც მოვიწვიეთ, რომ ანალიზი ერთად ჩაგვეტარებინა. ჩვენი დასკვნაა, რომ იქ ნანახი მეთოდებიც და ანალიზებიც სანდოა, სადგურის რადიოაქტიურობის დონე სანდოა და ზოგადად იაპონია სწორად უდგება საკითხს.“

სადგურიდან გამოსული გაფილტრული წყალი რამდენად საშიშია?

„რაც შეეხება, საშიშია თუა არა ეს წყალი, ყველა ბირთვულ სადგურს აქვს უფლება, მცირე რაოდენობით რადიოაქტიური ნივთიერება გაუშვას ჰაერში ან წყალში. ეს ყველაფერი ზედამხედველობის საგანია. ასე რომ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს იაპონიის მთავრობამ, მას იაპონიის უსაფრთხოების მარეგულირებელი ორგანო გააკონტროლებს, რადგან ჩვენ წარმოდგენილი ვართ იქ და ეს აწესებს გარკვეულ რეგულაციებს, რომლებიც უნდა დაიცვან.“

რა ისწავლა კაცობრიობამ ამ კატასტროფისგან?

„მას შემდეგ ბევრი რამ გაკეთდა,  სტრესის ტესტირებით  დაწყებული და ბირთვული სადგურების უსაფრთხოების ნორმების განახლებით დამთავრებული, რაც გარედან მომავალი საფრთხის გათვალისწინებას გულისხმობს. ეს გაკვეთილი ფუკუშიმამ მოგვცა. მან შეგვახსენა, რომ ბირთვული სადგურის შიდა უსაფრთხოება საკმარისი არ არის და გარე რისკებიც უნდა გაითვალოს.“

 

2019 წელს ევროკავშირმა ფუკუსიმაში მოყვანილ პროდუქტებზე ემბარგო მოხსნა. თქვენ მიირთმევდით იქაურ ხილს ან თევზს?

„ჩვენ ფუკუშიმას რეგიონში 2018 წელს ვიყავით და რამდენიმე დღე დავრჩით. რასაკვირველია, იქაური პროდუქტიც მივირთვით, და მე ვიტყოდი, რომ ფუკუშიმის პროდუქტების გასინჯვა ნამდვილად ღირს.”

„ევრონიუსი“ ფუკუშიმას მოსახლეობასაც გაესაუბრა, მათ შორის ფერმერებს.  რეგიონში, სადაც ფუკუშიმას ბირთვული სადგური მდებარეობს, ევაკუაციიდან დაბრუნებულმა მოსახლეობამ კატასტროფის მეათე წლისთავი აღნიშნა.

სატო მაკიკო, სტუდენტი ქაღალდის წეროებს აკეთებს.

„იაპონიაში ქაღალდის წეროებს ვაკეთებთ, რომ სურვილები ჩავუთქვათ, და ეს სურვილი მშვიდობაა“, – ამბობს იგი.

ოკუმას  ახალ დასახლებაში, პანდემიის მიუხედავად, სამშენებლო სამუშაოები  მიმდინარეობს და სულ უფრო მცირდება დაუსახლებელი ადგილების ფართობი.

2011 წლის მარტის მდგომარეობით, ფუკუშიმის პრეფექტურაში ევაკუაციამდე 88 ათასი სული მოსახლე იყო. დღეს განახლებულ ტერიტორიაზე  უკვე 14 ათასი კაცი დაბრუნდა საცხოვრებლად.

იამამოტო ჩიოკო, რესტორნის მეპატრონე:

„როცა ოკუმაში დავბრუნდი, აქ არაფერი იყო, თავშესაფრისა და დროებითი მაღაზიების გარდა, ახლა უკვე დიდი შენობებიც დგას.“

ფუკუშიმას ახლოს რადიოაქტიურობა ყველგან  იზომება და მისი დონე ბოლო 10 წლის განმავლობაში მკვეთრად შემცირდა. ფუკუშიმას კვლევითი ცენტრი  საზოგადოებას მუდმივად განახლებულ ინფორმაციას აწვდის.

ფუკუჰარა ტაკემასა, ფუკუშიმას გარემოს დაცვის ცენტრის წარმომადგენელი:

„ჰაერში რადიოაქტიურობის  დონე სხვადასხვა ადგილას მუდმივად იზომება. რაც შეეხება სხვა ელემენტებს, წყლისა და ნიადაგის სინჯებს, სხვადასხვა ადგილიდან ვიღებთ. ანალიზების ჩატარების სიხშირე წელიწადში ერთი ანალიზიდან თვეში ერთ ანალიზამდე მერყეობს.“

შენობები გაიწმინდა, დაბინძურებული მიწები დაცარიელდა ან ჯანსაღი ნიადაგით დაიფარა.

ბირთვული სადგურის გარდა, რადიოაქტიურობა ამ არემარეში არ აღემატება მსოფლიოს დიდი ქალაქების რადიოაქტიურობის დონეს . იაპონია ზოგადად ნაკლებად რადიოაქტიურია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადგილი დედამიწაზე, ჩერნობილმა კი ევროპას მძიმე დაღი დაასვა.

კოჯი კატო თავის ოჯახთან ერთად ფუკუშიმაში ბირთვული კატასტროფიდან ორი კვირის შემდეგ დაბრუნდა, იგი ელსადგურიდან 80 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობს. ისინი ფერმერები არიან, ბრინჯი მოჰყავთ და საკუთარ ბარში შინ მოხარშულ ლუდს ყიდიან.

ამ რეგიონის ფერმერები ბირთვულმა კატასტროფამ ძალიან დააზარალა: მომხმარებლის ნდობა დაკარგეს. 54-მა ქვეყანამ იაპონური სურსათის იმპორტი შეზღუდა და დღეის მდგომარეობით, მხოლოდ 70-მა პროცენტმა მოხსნა შეზღუდვები.

კოჯი კატო, „კატო ფერმის“ პრეზიდენტი:

„გასულ წლამდე პროდუქტებს სპეციალური ხსნარით ვასუფთავებდი, რაც დამატებით შრომას მოითხოვდა, მაგრამ მინდოდა, ჩემი ექსპორტი უსაფრთხო ყოფილიყო. ეს ყველაზე რთული იყო. თუმცა უკვე ზედიზედ 5 წელია, რადიოაქტიურობა აღარ შეინიშნება და პროდუქტს შედარებით მსუბუქად ვაკონტროლებთ.“

ბირთვული კატასტროფის შემდეგ, ამ რეგიონის ექსპორტი მკვეთრად შემცირდა. თუმცა  „კატო ფერმის“ ექსპორტი, 2010 წელთან შედარებით, გაორმაგდა.

ემი ფუკუშიმის პროდუქტის დესპანი გახდა იაპონიიდან საფრანგეთამდე.

კატო ემი, „კატოს ფერმის“ დირექტორი:

„ძალიან კარგი გამოხმაურებაა. ყველა ქვეყანაში, სადაც ვიყავი და ვთქვი, რომ  პროდუქტი ფუკუშიმიდან იყო, ჩემდა გასაკვირად, ხალხი ძალიან არ დაფრთხა.“

ფუკუშიმაში ცხოვრება კოჯისა და ემისთვის, ისევე, როგორც აქ დაბრუნებული მრავალი ადამიანისთვის, განსაკუთრებულად მიმზიდველია.

კატო ემი, „კატოს ფერმის“ დირექტორი“

„მე 4 შვილი მყავს და ბედნიერი ვიქნები, თუ ისინი იამაყებენ იმით, რომ აქ დაიბადნენ.“

ფუკუშიმას მოსახლეობისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი პირობების შექმნა იაპონიის მთავრობისთვის ნამდვილი გამოწვევაა.  საერთაშორისო ექსპერტები ერთხმად აღიარებენ იაპონიის წარმატებას, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არის ტექნიკური პრობლემები.

ავტორი: ლორენს ალექსანდროვიჩიმსოფ

უახლესი

სხვა ამბები

ფუკუშიმაფუკუშიმა

Send this to a friend