მთავარიგადაცემებიბიზნესპლანეტაევროკავშირის მწვანე შეთანხმება და ბიზნესი

ევროკავშირის მწვანე შეთანხმება და ბიზნესი

ევროკავშირმა პირობა დადო, რომ 2050 წლისთვის გარემოს ნახშირორჟანგის გამონაბოლქვით აღარ დააბინძურებს.

მწვანე შეთანხმება არის ევროკავშირის ამბიციური ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს, რომ 2050 წლისთვის ამ კონტინენტზე ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი გარემოში, ფაქტობრივად, აღარ გაიფრქვეს და რომ ევროპის ეკონომიკის როგორც წარმოების, ისე მოხმარების სექტორი ეკოლოგიური გახდეს; ასევე რესურსები ეკონომიურად დაიხარჯოს, რაც შეიძლება ნაკლები იყოს საწარმოო ნარჩენი და სათბურის აირების გამონაბოლქვი ნულამდე შემცირდეს.

მწვანე გარემოს შექმნა, სავარაუდოდ, ძვირი დაუჯდებათ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულ ქვეყნებსა და ინდუსტრიებს.


ევროპის სოციალური ფონდი, რომელიც პროექტებს მთელი ევროკავშირის მასშტაბით აფინანსებს, მომავალი 7 წლის განმავლობაში დასაქმებისა და სოციალური ჩართულობის წასახალისებლად 88 მილიარდი ევროს დახარჯვას აპირებს. ეს ფული ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, განათლებასა და ხალხის გადამზადებას მოხმარდება.

ევროკავშირში სჯერათ, რომ ეკონომიკის განახლება დასაქმების ბაზრით იწყება. მაგრამ ჩნდება კითხვა, რამდენად შესაძლებელია, პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, გარემოც დაიცვა და უმუშევრობის პრობლემაც მოაგვარო? „ევრონიუსი“ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მადრიდსა და ტენერიფეს ეწვია, სადაც ის ორი ეკოლოგიური ბიზნესი ენახა, რომლებსაც ევროპის სოციალური ფონდი აფინანსებს და რომლებიც ნარჩენებს ისევ სასარგებლო პროდუქტად გარდაქმნიან.

Empleaverde  ის საჯარო პროგრამაა, რომელიც ეკოლოგიური ბიზნესის განვითარებასა და მის ბაზაზე დასაქმებას ეხმარება. ამ პროგრამას აფინანსებს  ევროპის სოციალური ფონდი, რომელიც ეკოლოგიურ კომპანიებს გადამზადებასა და პროექტის მართვაშიც ეხმარება.

სერჯიომ და კატალინამ კომპანია Souji  ხუთი წლის წინ შექმნეს. ეს მცირე ბიზნესი სამზარეულოში მონარჩენი ზეთის მავნე ნამწვს ამუშავებს.

კატალინა ტრუხილიო ვილა, Souji-ის თანადამფუძნებელი:

„ახლახან შევწვით კარტოფილი და ზეთის ნამწვი, რომელიც დაგვრჩა, გავაცივეთ და გავფილტრეთ. ახლა ნამწვს ამ ხსნარს შევურევთ. მინარევს 1 წუთი ვანჯღერვთ. ასე გარდაიქმნება ზეთი საპნად.“

ამ საპნით შეიძლება ტაფაც  გაირეცხოს და ტანსაცმელიც.  იატაკის  მოირეცხვაც შეიძლება. ცირკულარული ეკონომიკის ეს მშვენიერი ნიმუში რომ შეექმნა, კომპანიას გარკვეული დახმარება დასჭირდა.

სერხიო ფერნანდესი, Souji-ის ხელმძღვანელი:

„პროგრამა „ემპლეავერდე“ Empleaverde დაგვეხმარა გადამზადებასა და საწარმოო ჯაჭვის აწყობში. ისინი გაზღვევენ, რომ სწორი გზით იარო.“

კომპანია Souji-მა  გამოიგონა აპარატი, რომელიც ზეთის დიდ რაოდენობას ამუშავებს. ახლა მათ სურთ თანამშრომლობა იმ რესტორნებთან და სასტუმროებთან, რომლებსაც დიდი რაოდენობით  ზეთის ნამწვი  რჩებათ.

კატალინა ტრუხილიო ვილა, Souji-ის თანადამფუძნებელი:

„როდესაც სამზარეულოსა და სურსათის ინდუსტრიასთან თანამშრომლობ, ზეთის რაოდენობა სამმაგდება. ასე რომ, მომავალ წელს 30-40 პროცენტით ვგეგმავთ წარმოების გაზრდას.“

კიდევ ერთი ბიზნესი, რომელიც „ემპლეავერდეს“ მეშვეობით დადგა ფეხზე,  ტენერიფეს კუნძულზე დაფუძნებული კომპანია  Recircular-ია. ეს კომპანია, რომელიც პატრიციამ შექმნა, სხვადასხვა ტიპის ნარჩენებს ამუშავებს, მათ შორის ტყავის, პლასტმასის ან ლუდის წარმოების შედეგად დარჩენილ მარცვლეულს.

პატრისია ასტრაინ გონსალესი, Recircular-ის თანადამფუძნებელი:

„ჩვენ ვცდილობთ, ვიპოვოთ ისეთი შესაძლებლობა, რომელიც დამატებით ღირებულებას ქმნის ან ნარჩენს ახალ, სასარგებლო პროდუქტად გარდაქმნის. მაგალითად, ლუდის ხარშვის შემდეგ დარჩენილი მარცვლეულისგან შეიძლება პური გამოცხვეს, ან ფქვილი და მიუსლი დამზადდეს.“

კომპანია Recircular-ი ერთმანეთთან პოტენციურ პარტნორ  კომპანიებს აკავშირებს, რაშიც  Empleaverde -ს  ეკოლოგიური ბიზნესების ქსელი ეხმარება.

პატრისია ასტრაინ გონსალესი, Recircular-ის თანადამფუძნებელი:

„ეს ქსელი დაგვეხმარა, რომ ჩვენი პროექტის შესახებ ინფორმაცია გავრცელებულიყო. ისინი მუდმივად ხელს გვიწყობდნენ.“

Empleaverde-ს ბიუჯეტი 47 მილიონი ევროა, აქედან 75 პროცენტს ევროპის სოციალური ფონდი აფინანსებს. ამ პროგრამას „ბიომრავალფეროვნების ფონდი“ მართავს, რომელიც ინოვაციურ კომპანიებს უჭერს მხარს, რომ წარმოება უფრო ეკოლოგიური გახდეს.

ელენა პიტა დომინგუესი, Fundación Biodiversidad-ის დირექტორი:

„ეკოლოგიურ წარმოებაზე გადასვლის კუთხით, ეს ინოვაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ გზაზე არსებული დაბრკოლებები რომ გადავლახოთ, შემოქმედებითი მიდგომა გვჭირდება.“

Empleaverde თავისი საქმიანობით ეკოლოგიურ სექტორში მეტი სამუშაო ადგილის შექმნას უწყობს ხელს.

ესპანეთში უმუშევრობა პანდემიამდეც მაღალი იყო, პანდემიის შედეგად კი 2020 წლის ბოლომდე 16 პროცენტით გაიზარდა. ახალგაზრდებში უმუშევრობა 40 პროცენტსაც აღწევს.

ელენა პიტა დომინგუესი, Fundación Biodiversidad-ის დირექტორი:

„ დასაქმებას განსაკუთრებულად ვუწყობთ ხელს. ასეთი დახმარება უაღრესად მნიშვნელოვანია გარდამავალ საფეხურზე.“

რამდენედ შეუძლია Empleaverde-ს ტიპის პროგრამას მწვანე ეკონომიკაზე გადასვლასა და დასაქმებას შეუწყოს ხელი?

ამ კითხვით „ევრონიუსმა“ კონი ჰედეგორდს მიმართა, რომელიც „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ ინიციატივის „მდგრადი განვითარების მრგვალი მაგიდის“ ხელმძღვანელია.

რადენად შეუძლია ისეთ საჯარო პროგრამას, როგორიც ფანის სიუჟეტში ვნახეთ, მწვანე ეკონომიკას შეუწყოს ხელი?

კონი ჰედეგარდი, „მდგრადი განვითარების მრგვალი მაგიდის“ ხელმძღვანელი:

„რასაკვირველია, შეუძლია და ეს ფანტაზია არ არის, ეს უკვე ხდება. ძალიან კარგია, როდესაც საჯარო ფინანსებზე დაფუძნებული ფონდები, როგორებიც, მაგალითად, ევროკავშირის ეს  სტრუქტურული ფონდებია, პრიორიტეტად აღიარებენ რაღაც სფეროს და მერე ეხმარებიან მას. დიახ, ეს ნამდვილად მუშაობს.“

ეკოლოგიური წარმოება იქნება მომავალში დამსაქმებელი?

დიახ, მე ასე მწამს. სწორხაზოვანი აზროვნებიდან ცირკულარულ მსოფლმხედველობაზე უნდა გადავიდეთ. ეს ნიშნავს, რომ საწარმოო ნარჩენებს სხვა კუთხით უნდა შევხედოთ. უნდა გადავამუშაოთ და ხელახლა  გამოვიყენოთ. ჩემი აზრით, სულ უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს ამას. და რესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენებით კომპანიებს ხარჯი შეუმცირდებათ. ასე რომ, ასეთი მიდგომის უკან დასაქმებაც დგას და ეკონომიკის უკეთესი პერსპექტივაც.

ახლა, პანდემიის ფონზე, რამდენად მართებულია, რომ ევროპის „მწვანე შეთანხმების“ განხორციელებაზე ვიფიქროთ?

ჩემი აზრით, ის ეკონომიკური კრიზისი, რომელიც პანდემიამ გამოიწვია, კარგი შესაძლებლობაა, რომ ბიზნესის ტრადიციულ მიდგომებს გადავხედოთ. უნდა დავფიქრდეთ, როგორ შევქმნათ სამუშაო ადგილები ისე, რომ უფრო ინოვაციური და ეკოლოგიური მიდგომით ვიხელმძღვანელოთ. როგორც იცით, აშშ-ში, ჩინეთსა და მსოფლიოს მრავალ სხვა ქვეყანაში მოთხოვნა ძირითადად ეკოლოგიურ პროდუქტზეა. ეს ჩვენი კონკურენტუნარიანობისთვისაც მნიშვნელოვანია. ჩვენ უფრო მეტად უნდა დავნერგოთ ეს მიდგომა და თუ ამას გონივრულად  გავაკეთებთ, პანდემიის შედეგებისა და „მწვანე შეთანხმების“  პუნქტების გათვალისწინებით,  ნადმვილად წავახალისებთ  დასაქმებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend