მთავარიევროპასაბერძნეთიილვა იოჰანსონმა კუნძულ ლესბოსზე მიგრანტთა ბანაკები მოინახულა

ილვა იოჰანსონმა კუნძულ ლესბოსზე მიგრანტთა ბანაკები მოინახულა

ევროკავშირის შინაგან საქმეთა კომისარი, ილვა იოჰანსონი, ბერძნულ კუნძულებზე სამოსსა და ლესბოსზე საბერძნეთის მიგრაციის მინისტრთან ერთად მოინახულა. ევროპელმა კომისარმა გაიმეორა  დაპირება, რომ ევროკავშირი მონაწილეობას მიიღებდა მიგრანტების ახალი ბანაკების მშენებლობაში და ხაზი გაუსვა ევროპული სოლიდარობის საჭიროებას.

„ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ მიგრანტების პრობლემა საერთო ევროპული პრობლემაა. ჩვენ არ უნდა მივატოვოთ არცერთი წევრი ქვეყანა. მე მესმის, რომ ადამიანის მოთმინებას საზღვარი აქვს, მესმის, რომ ხალხი ამას დიდი ხანი ელოდება“, – განაცხადა ევროკავშირის შინაგან საქმეთა კომისარმა ილვა იოჰანსონმა.

შუკრან შირზადი ავღანელი თავშესაფრის მაძიებელია. მას უყვარს ხატვა, რის გამოც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის და ილვა იოჰანსონის პორტრეტების დახატვა გადაწყვიტა. ამით მხატვარს კომისარისთვის თავისი სათქმელის გაზიარება სურდა.

„ეს პორტრეტები საჩუქარია მათთვის, ვის ხელშიცაა ჩვენი ბედი. ვწუხვარ, რომ კომისარ იოჰანსონის ნახვა ვერ მოვახერხე. ჩვენ მისი დახმარება გვჭირდება, რათა ამ ჩიხიდან გამოვიდეთ. ჩვენ უკეთეს ცხოვრებას ვიმსახურებთ“, – ამბობს ავღანელი თავშესაფრის მაძიებელი შუკრან შირზადი.

ევროპელი კომისრის სტუმრობას ორასამდე ადგილობრივი აპროტესტებდა. ისინი ითხოვენ, რომ კუნძულზე ახალი ბანაკები არ აშენდეს. საბერძნეთის მიგრაციის მინისტრის თქმით, მას ესმის მოსახლეობისა, თუმცა აღნიშნავს, რომ ახალი შენობების აშენება აუცილებელია.

„მინდა, გამოვთქვა პატივისცემა იმ ადგილობრივების მიმართ, რომლებმაც 2015 წელს დევნილებს დახმარების ხელი გაუწოდეს. მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში კუნძულზე პრობლემები დაგროვდა. ახალი ხელშეკრულება უზრუნველყოფს იმას, რომ მორიას ბანაკის ხანძარი არასდროს განმეორდეს“, – აცხადებს საბერძნეთის მიგრაციის მინისტრი ნოტის მიტარაჩი.

ადგილობრივები ახალი ბანაკების აშენებას ეწინააღმდეგებიან, მიგრანტებს კი კუნძულის დატოვება სურთ. ევროპელი და ბერძენი პოლიტიკოსების განცხადებით, ისინი ცდილობენ, რომ ბანაკებში დევნილების საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდეს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend