მთავარი საქართველო კრისტიან დანიელსონი დღეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას კომპრომისულ გეგმას შესთავაზებს

კრისტიან დანიელსონი დღეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას კომპრომისულ გეგმას შესთავაზებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი დღეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას კომპრომისულ გეგმას შესთავაზებს. ამის შესახებ მან გუშინ დღის ბოლოს, პარტიებთან შეხვედრების დასრულების შემდეგ, განაცხადა. გუშინ მხარეებს დანიელსონი რამდენჯერმე შეხვდა. შვედი დიპლომატის განცხადებით, დოკუმენტში შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი ყველა საკითხი იქნება განხილული.

„ჩვენ უნდა მოვაგვაროთ ისეთი პრობლემები, როგორებიცაა საარჩევნო რეფორმა და მართლმსაჯულება. რა თქმა უნდა, სხვა საკითხებიც იქნება განხილული და ხვალ ჩვენ ამას წარვადგენთ“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.


საქართველოში მეორედ დაბრუნების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრების მიზანი ყველა მხარის პოზიციის მოსმენა და მათი დოკუმენტში გათვალისწინება იყო. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ეს რთული პროცესია.

„დემოკრატია გულისხმობს სხვა მხარის ინტერესების გათვალისწინებასაც. ყველა მხარე უნდა წამოვიდეს დათმობაზე. საბოლოოდ, ეს არის პარტიების პასუხისმგებლობა. მათზეა დამოკიდებული, რომ აიღონ ვალდებულება და ასეთ დოკუმენტს მოაწერონ ხელი. ეს არის შესაძლებლობა ლიდერებისთვის, რომ აჩვენონ თავიანთი დემოკრატიული სიმწიფე. თუ შეთანხმება შედგება, დამარცხებული არავინ იქნება, იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები. მთავარი გამარჯვებული ქართველი ხალხი იქნება“, – განაცხადა დანიელსონმა.


29 მარტს დანიელსონი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს. ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკებები დაუსრულებლად ვერ გაგრძელდება. თუმცა ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, არც იმის სჯერათ, რომ მოლაპარაკება შედგება.
„რთულია, წარმოვიდგინოთ, არის თუ არა დარჩენილი სივრცე კომპრომისისთვის და შეთანხმებისთვის. მაგრამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს „ქართული ოცნების“ პოზიცია მოლაპარაკებების წინ, ეს არ გვათავისუფლებს ჩვენი წილი პასუხისმგებლობისგან“, – განაცხადა პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა დავით ბაქრაძემ.პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე კი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ხალხის ნერვებზე თამაში უნდა დასრულდეს.„აუცილებელია, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ. ან ხდება შეთანხმება ან -ვერა. მე ღიად და გულწრფელად გეუბნებით: მიმაჩნია, რომ ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი სამშობლოსთვის შეთანხმება მნიშვნელოვანია და უნდა შედგეს.“


„მე მჯერა ევროპელი პარტნიორების… მჯერა, რომ ის შემოთავაზება, რომელსაც პარტნიორები ამ დღეებში წარმოადგენენ, შედგენილი იქნება ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის და ქვეყნის სწრაფი რეფორმირებისთვის. ეს არ იქნება ორი მხარის შერიგებისთვის შექმნილი დოკუმენტი“, – განაცხადა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძე.


კრისტიან დანიელსონი მხარეებს ხელშეკრულებას 30 მარტს წარუდგენს. როგორც შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი ამბობს, გადაწყვეტილების მიღება და მოლაპარაკების წარმატებით დასრულება მხოლოდ ქართველ პოლიტიკოსებს შეუძლიათ.


თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები