მთავარისაქართველოდანიელსონის დაბრუნება

დანიელსონის დაბრუნება

საქართველოში მეორედ დაბრუნებული შვედი დიპლომატის აუდიენციები პოლიტიკურ სპექტრთან აქტიურად მიმდინარეობს. მთელი დღის განმავლობაში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ცალკეული პარტიების ლიდერებს ხვდებოდა. თავად ეწვია პრემიერ-მინიტრსა და საქართველოს პრეზიდენტს. ყველა თანმხდება, რომ კრიზისი შეთანხმების მიღწევით დასაძლევია. თუმცა როგორ, ღიად ამაზე არავინ საუბრობს.

კრისტიან დანიელსონი, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, მეორე სამუშაო დღეს პირველად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ.


პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა – „ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება. ამაზე საუბარი ჩვენ დავასრულეთ. ამაზე ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებები მოვისმინეთ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, სენატის და ა.შ ეუთო/ოდირის დასკვნები, ჩვენი არჩევნები მთელმა მსოფლიომ აღიარა და მოგვილოცა, რა არჩევნებზე მელაპარაკებით? რაც შეეხება ჩვენს დიალოგს, რა თქმა უნდა, ჩვენი დიალოგი გრძელდება. დიდი იმედი მაქვს და მინდა პოზიტიური, ოპტიმისტური მოლოდინი დავიტოვო, რომ ეს შეთანხმება შედგება. ჩვენი მხრიდან არ ჰქონია და არც ექნება რაიმე დესტრუქციას ადგილი. პირიქით, ჩვენ ამის მომსწრენი გავხდით ოპოზიციის მხრიდან, როდესაც მათ რეალურად ჩაშალეს დიალოგი და ისინი არ წამოვიდნენ კომპრომისზე. ჩვენ ვართ მზად, რომ რეალურად გონივრული და სამართლიანი კომპრომისი იქნას მიღწეული. ახლა, ჯერი არის ოპოზიციაზე, რა თქმა უნდა. ვადამდელი არჩევნების საკითხი არის დახურული, პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანაში არ არსებობენ, ეს არსებობდა თქვენი ბელადის, სააკაშვილის დროს“.

პრემიერის პოზიციის მოსმენის შემდეგ, კრისტიან დანიელსონი ორბელიანების საპრეზიდენტო სასახლეში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად –

„პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისა და შემდგომში პოსტპანდემიური ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში, ევროკავშირის აქტიური ჩართულობის აუცილებლობას“.

ამის შემდეგ, ევროპელი დიპლომატი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებს გაესაუბრა. მმართველმა პარტიამ შეხვედრის შემდეგ არაფერი თქვა, გარდა იმისა, რომ ისაუბრეს.

„ის, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, ეს მოცემულობაა. სულ რომ თეორიულად წარმოვიდგინოთ იმ მოთხოვნების გათვალისწინება, რაც ოპოზიციას აქვს შესაძლო, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, იქაც ყველაფერს წააგებენ – პლებისციტსაც წააგებენ, რეფერენდუმსაც წააგებენ, არჩევნები რომ ჩატარდეს, მაგასაც წააგებენ. რაც შეეხება, ულტიმატუმებს, ულტიმატუმებით ოპოზიცია საუბრობს. ჩვენ ვსაუბრობთ, მათ შორის პრემიერი, მოცემულობაზე და ამ მოცემულობით ვადამდელი არჩევნები არ იქნება“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ოფისიდან, პარტია „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისში, პოლიტსაბჭოს შეკრებაზე მივიდნენ. შემდეგ ისევ უკან, კრისტიან დანიელსონთან დაბრუნდნენ. სანამ, მმართველი პარტიის ლიდერები, გუნდის საერთო პოზიციის შეთანხმებას სხვადასხვა მისამართზე ცდილობდნენ, მანამ ოპოზიციამ მოლოდინები და ურყევი პოზიცია შეგვახსენა.

„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკება მეტად პოზიტიური შედეგით დასრულდება, რის იმედსაც გვაძლევს ამ საკითხში ევროკავშირის სიმტკიცე და ის მონდომება, რითაც ჩვენი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის საკითხს მიუდგა. ჩვენი დასავლელი პარტნიორების სიმტკიცე, დაინტერესება, ჩართულობა ამის იმედს გვაძლევს. დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა 10 დღის შუალედში ვიზიტი მეორედ შედგა და ორივე მხარე გამოვთქვამთ მზაყოფნას მოლაპარაკებებისთვის, ეს უკვე იმედს იძლევა“, – აცხადებს პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე.

შვედი დიპლომატის მეორე სამუშაო დღე ევროკავშირის ოფისთან მცირე აქცია-პერფორმანსებით მიმდინარეობდა. ახალგაზრდა ოპოზიციური აქტივისტები ზებრისა თუ პატიმრის ვიზუალით, სხვადასხვა საკითხებს აპროტესტებდნენ.  პოლიტიკური შეხვედრები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

ალეკო გვეტაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend