მთავარისაქართველოურბანული ტყე - მნიშვნელობა და მდგომარეობა

ურბანული ტყე – მნიშვნელობა და მდგომარეობა

მთაწმინდის ფერდზე, 700 ჰექტარმდე ტყე საბჭოთა კავშირის დროს ხელოვნურად გააშენეს.  ახლა ეს ტყე თითქმის განადგურებულია. მთაწმინდის გამწვანებული ზონის აღსადგენად მერიამ 16 მილიონი ლარი გამოჰყო, თუმცა ტყის სრულ აღდგენას დიდი დრო და რესურსი დასჭირდება.

ერთ დროს მრავალფეროვანი ფლორით გამორჩეული მთაწმინდის ფერდზე მდებარე ტყე, ახლა  სავალალო მდგომარეობაშია. მოჭრილი და გამხმარი ხეები,  ბევრი სახეობა, რომლებიც აქ ხარობდნენ, ახლა გამქრალია. მათ ნაცვლად, ახლა გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგავი ყრია.

ტყის განადგურებით თბილისის მოსახლეობას  მნიშვნელოვანი ზიანი ადგება. 700 ჰექტარზე გადაჭიმულ ტყეს ექსპერტები დედაქალაქის „ფილტვებსაც“ უწოდებენ და მათი თქმით, ტყის აღდგენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ცნობილია, რომ თბილისში ერთ სულ მოსახლეზე 5-7 კვ მ-მდე მწვანე საფარი მოდის, რაც საკმაოდ შემაშფოთებელი სტატისტიკაა. ამ მხრივ ძალიან დიდი სხვაობაა ევროპის სხვა ქალაქებთან, სადაც დაახლოებით 80-100 კვ-მ მდე მწვანე საფარია“, – ამბობს გეოგრაფი ნანა ვაწაძე.

სამოქალაოქო აქტივისტის ნატა ფერაძის თქმით, ეს მძიმე შედეგი შესაბამისი სამსახურების უყურადღებობამ გამოიწვია.

 

„გარშემო ხელოვნურად იყო განაშენიანებული საბჭოთა კავშირის დროს, თუმცა კავშირის დაშლის შემდეგ ტყეს ყურადღება აღარ მიაქციეს და ამან ხეების ავადობა და ტყის განადგურება გამოიწვია. ამან 100 წლით უკან გადაგვაგდო. ახლა ისევ ახლიდან არის წიწვოვანი ხეები დასარგავი“, – ამბობს ნატა ფერაძე.

2020 წლის ოქტობერში თბილისის მერიამ გამოაცხადა, რომ ტყის აღდგენას აპირებს.

„ჩვენ გვაქვს კიდევ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მთაწმინდისა და კუსტბის ფერდების განახლებასა და გატყევებას გულისხმობს. ფართობი ძალიან დიდია და პროქტი საკმაოდ მასშტაბური. ამისათვის მერიამ ბიუჯეტიდან  16 მილიონი ლარი გამოჰყო“,- განაცხადა მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა.

ნატა ფერაძე ფიქრობს, რომ დაზიანებული ხეების რაოდენობის გათვალისწინებით, ტყის სრულად აღდგენა საკმაოდ რთული იქნება.

„ამას უნდა წლები, პროფესიონალების მუშაობა და მოქალაქეთა ჩართულობა“, – ამბობს ნატა ფერაძე.

მერიის პროექტის მიხედვით, ტყის სრულ აღდგენას დაახლოებით ოთხი წელი დასჭირდება.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend