მთავარიკუბი„დედამიწის საათი 2021“ - ყოველწლიური ღონისძიება წელს ონლაინ სივრცეში გაიმართება

„დედამიწის საათი 2021“ – ყოველწლიური ღონისძიება წელს ონლაინ სივრცეში გაიმართება

ყოველ წელს მარტის ბოლო შაბათს მთელი მსოფლიოს მასშტაბით „დედამიწის საათი“ აღინიშნება. ამ დღეს ქვეყნების მთავარ ღირსშესანიშნაობებზე, ისევე, როგორც სახლებსა და ოფისებში სინათლეებს სიმბოლურად აქრობენ. ეს აქცია გარემოზე ზრუნვის გამოხატულებაა.

„დედამიწის საათის“ მთავარი არსი ისაა, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ბუნების მნიშვნელობა და დავფიქრდეთ მისადმი ჩვენს დამოკიდებულებაზე, გავიაზროთ ის, რომ ჩვენი მომავალი მთლიანად დამოკიდებულია ბუნების სიჯანსაღეზე, შესაბამისად, ის თუ როგორ ვექცევით, ბუნებას პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენს ცხოვრებაზე“, — აცხადებს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისის ოპერაციების დირექტორი მარიამ ზაბახიძე.


„დედამიწის საათი“ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მიერაა ორგანიზებული, პირველი ღონისძიება 2007 წელს ავსტრალიაში, სიდნეიში, ჩატარდა. დღეს კი კამპანია ბევრად უფრო მასშტაბურია და 190-მდე ქვეყანაში იმართება.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისმა შექმნა ვებგვერდი earthhour.ge  — პლატფორმა, რომელიც ბუნების გულშემატკივრებს აერთიანებს.

წლევანდელი „დედამიწის საათთან“ დაკავშირებული ღონისძიება მსოფლიო პანდემიის გამო, გასულ წლებთან შედარებით, განსხვავებული იქნება.

„კორონავირუსი თავის წესებს გვკარნახობს ამ შემთხვევაშიც და წლევანდელი ღონისძიებაც, არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ჩატარდება ონლაინსივრცეში. მთავარი მესიჯი უცვლელია, ვისაუბრებთ ბუნების მნიშვნელობაზე, იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ყოველდღიურობაში ვხედავთ. მიზეზი, რატომაც დღეს ონლაინფორმატში გვიწევს ურთიერთობა, მეტ-ნაკლებად სწორედ ჩვენსა და ბუნებას შორის არაჯანსაღ ურთიერთობას უკავშირდება, შესაბამისად, დღეს არსებული შედეგი  ამ ურთიერთობის ბალანსის რღვევის გამოა“, —ამბობს მარიამ ზაბახიძე.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი სპეციალურად მომზადებულ ვიდეოს  მთელი მსოფლიოსთვის 27 მარტს, 20 საათსა და 30 წუთზე,  გამოაქვეყნებს. ვიდეოში ამ კამპანიის მთავარი მესიჯები იქნება თავმოყრილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend