მთავარისაქართველობრძოლა ყალბ ამბებთან

ბრძოლა ყალბ ამბებთან

დეზინფორმაცია ეს არის თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევა, როდესაც კონკრეტული ქვეყნები ან საზოგადოებრივი ჯგუფები და ორგანიზაციები, პროპაგანდის მეშვეობით ცდილობენ საზოგადოების ფართო მასების შეცდომაში შეყვანას სხვადასხვა მიმართულებით. საქართველოს შემთხვევაში დეზინფორმაციული კამპანია ძირითადად სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს, სადაც ქართველობის გადარჩენის, რწმენის დაცვისა და ლიბერალიზმის მტრობად წარმოჩენის მიზნით, რიგითი მოქალაქეების გამიზნული მომართვა მიმდინარეობს. მანიპულაციის ამ მეთოდის შესახებ, 2020 წლის განმავლობაში ვრცელი კვლევა აწარმოა „საქართველოს რეფორმების ასოციაციამ” (GRASS). პროექტის – „დეზინფომეტრის“ ფარგლებში, ჩატარებული მოკვლევით, დადგინდა, რომ ასეთი ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი მედია პროდუქტები ქართულ ენაზე მრავლადაა.


„პრორუსული და ანტიდასავლური ინფორმაციის შემცველი პროპაგანდა, ქვეყანაში ყველა მნიშნელოვან მოვლენას თუ პროცესებს ეხმიანება. დეზინფორმატორები ყველა ამ ამბის გაშუქებას თუ კომენტირებას, რუსული პერსპექტივით ცდილობენ. ასეთი მიდგომით კი, აძლიერებენ რუსულ ინტერესებზე მორგებულ განწყობებს და საზოგადოებას აჯერებენ ყალბ ამბებს. რიგითი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას განსაკუთრებით, არჩევნების პერიოდში ცდილობენ. დეზინფორმაციის მთავარი ამოცანაა, სამიზნე აუდიტორიას აუბნიოს თავგზა და არასწორი მიმართულებით გადაიბიროს მათი წარმოდგენები და დამოკიდებულებები. ახლა, ასეთი მედია პროდუქტები კოროპანდემიისა და ვაქცინაციის წინააღმდეგაა მიმართული,“ – აცხადებს „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ მკვლევარი მარიამ წიწიკაშვილი.

ანტიდასავლური და პრორუსული კამპანიის გარდა, ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი რუსული ჯგუფები, კორონაპანდემიის ხელოვნურობასა და ვაქცინაციის არარსებულ საფრთხეებზე საუბრობენ. გარდა ამისა, საზოგადოებაზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას პოლიტიკური მოვლენების დროსაც ახდენენ. ერევიან სხვა ქვეყნის არჩევნბსა თუ ეროვნული მნიშვნელობის პროცესებში. კვლევის ავტორთა თქმით, ასეთი მტრული კამპანია, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მღელვარებასა და დესტაბილიზაციას იწვევს.

„დეზინფორმაციულ და ანტივაქსერულ კამპანიებს, განსაკუთრებით დიდი ზიანი მოაქვს ამჟამად, როდესაც მსოფლიოში ვირუსული პანდემიაა. ყალბი ამბების გამავრცელებლები, მოქალაქეებს აჯერებენ, რომ კორონაპანდემია და ვირუსი ხელოვნურია, ვაქცინა კი კაციობრიობის წინააღმდეგ მიმართული პრეპარატია. დეზინფორმაციას ათასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ჩვენს საზოგადოებაშიც მრავლადაა ასეთი ინფორმაციის მომხმარებელი, რომლებიც თავისმხრივ ხდებიან ასეთი ამბების გამავრცელებლები, რაც საერთო საზოგადოებრივ მღელვარებას განაპირობებს“, – ამბობს, „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ანალიტიკოსი თეონა აბსანძე

„საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ მიიჩნევს, რომ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში, სამოქალაქო სექტორთან ერთად, სახელმწიფო სტრუქტურებიც უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ. განსაკუთრებული ყურადღება კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნდა გამოიჩინოს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend