მთავარიბრიუსელის ბიუროევროკავშირის მიერ გამართულ ვირტუალურ შეხვედრაზე ვაქცინების ექსპორტთან დაკავშირებით პოზიციები გაიყო

ევროკავშირის მიერ გამართულ ვირტუალურ შეხვედრაზე ვაქცინების ექსპორტთან დაკავშირებით პოზიციები გაიყო

25 მარტს ევროკავშირში გამართულ ვირტუალურ შეხვედრაზე ევროპის ლიდერებმა განსხვავებული პოზიციები დააფიქსირეს ვაქცინების ექსპორტზე მკაცრი კონტროლის დაწესებასთან დაკავშირებით. ზოგიერთ ქვეყანაში მიაჩნიათ, რომ ვაქცინების ექსპორტის გამო ევროკავშირში ვაქცინაციის ტემპი  ჩამორჩება ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი.

ევროკავშირმა ექსპორტზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 77 მილიონი დოზა გაიტანა, აქედან 20 მილიონი  დიდ ბრიტანეთს მიაწოდა. 88 მილიონი დოზა ევროკავშირში დარჩა, აქედან 62 მილიონი დოზა უკვე მოხმარდა მოსახლეობას. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ დიდ ბრიტანეთში არსებულ საწარმოებს ერთი დოზაც კი არ გაუტანიათ ექსპორტზე.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროპამ უნდა მიიღოს ვაქცინების კუთვნილი დოზები. ევროკავშირში უნდა შეძლონ და აუხსნან მოქალაქეებს, რომ კომპანიებს ექსპორტზე იმიტომ გააქვთ ვაქცინები მთელ მსოფლიოში რომ ისინი, პირველ რიგში, თავიანთ ვალდებულებებს ასრულებენ და ეს  საფრთხეს არ უქმნის ევროკავშირში მიწოდების ჯაჭვს.

 
ევროკომისია უფრო მეტად კომპანია „ასტრაზენეკას“ ადანაშაულებს, რომელსაც ევროპაში წარმოებული ვაქცინები ექსპორტზე გააქვს და, შესაბამისად, სათანადოდ ვერ ამარაგებს ევროკავშირის ქვეყნებს. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კომპანიამ ჯერ ევროკავშირთან უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელოს ვაქცინების ექსპორტი.

ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად, საფრანგეთი მხარს უჭერს ვაქცინების ექსპორტზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებას. ხოლო სხვა ქვეყნები, როგორებიცაა ნიდერლანდები, ბელგია და გერმანია, ერიდებიან მსგავს ქმედებებს, რადგან მათ არ სურთ საკუთარი ვაქცინების წარმოების ქსელის მოშლა. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აღნიშნავს, რომ მათ არ სურთ საერთაშორისო და გლობალური მიწოდების ჯაჭვის შეფერხება, თუმცა მიაჩნია, რომ კომპანიებმა ჯერ ნაკისრი ვალდებულებები და კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები უნდა  შეასრულონ.

ევროკავშირის მიერ გამართულ ვირტუალურ შეხვედრას ჯო ბაიდენიც დაესწრო. ევროპის ლიდერებმა ისაუბრეს პანდემიის წინააღმდეგ თანამშრომლობის შესახებ. თუმცა არაფერი ითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც მსოფლიოში ვაქცინების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, ევროკავშირში საერთოდ არ გააქვს ვაქცინები ექსპორტზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend