მთავარისაქართველოსამეზობლოში ყველაზე არაბედნიერი მოსახლეობა საქართველოში ცხოვრობს

სამეზობლოში ყველაზე არაბედნიერი მოსახლეობა საქართველოში ცხოვრობს

მსოფლიოს ბედნიერ ქვეყნებს შორის, საქართველო 108-ე ადგილზეა  – ნათქვამია გაეროს მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ანგარიშში.

კვლევა ამბობს, რომ ბედნიერების ინდექსის მიხედვით, საქართველოს სამეზობლოში ყველაზე არაბედნიერი მოსახლეობა ჰყავს.

ბედნიერების დონის დასადგენად ექსპერტებმა ექვსი კრიტერიუმი გამოიყენეს:

  • ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა
  • ჯანმრთელი სიცოცხლის ხანგრძლივობა
  • სოციალური მხარდაჭერის სისტემა
  • არჩევანის თავისუფლების ხარისხი
  • მონაწილობა ქველმოქმედებაში
  • კორუფციის აღქმა

კვლევის მიხედვით, საქართველოს საშუალო ქულა 4.8 არის.  გასული წლის მონაცემებთან შედარებით, სიაში საქართველომ ცხრა ნიშნულით წაიწია წინ.

მიღწეული პროგრესის მიუხედავად, საქართველო კვლავ ჩამორჩება მის მეზობლებსა და თითქმის ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყანას. სიის პირველ ხუთეულს კი ევროპის ქვეყნები ინაწილებენ.

სოციოლოგ იაკო კაჭკაჭიშვილის აზრით, პანდემიის ფონზე მოსახლეობის ბედნიერების ინდექსის ზრდა ერთი შეხედვით პარადოქსულად ჟღერს, თუმცა ამ ფაქტს ლოგიკური ახსნა მაინც მოეძებნება. მან ერთ-ერთი ინდიკატორის – სოციალური მხარდაჭერის სისტემის გაზრდის შესახებ ისაუბრა, რომელიც ახლობლებისა და ოჯახის წევრების დახმარებასა და თანადომას გულისხმობს.

 

„გარკვეული კატაკლიზმების – ომისა თუ პანდემიის დროს- სოციალური ინტეგრაციის დონე იზრდება. ეს სოციოლოგიაში ცნობილი კანონზომიერებაა. როგორც ჩანს, ეს ახლაც ასე მოხდა. ამ ფაქტორმა  – ოჯახის წევრებისა და ახლობლების ერთმანეთის მიმართ თანადგომის გამოვლენამ, საბოლოო ჯამში ბედნიერების ინდექსი გაზარდა“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

მკვლევარ მაკა ჭითანავას აზრით, მოსახლეობის გაბედნიერება სათუო საკითხია. იგი სამ ფაქტორს ასახელებს, რომლებმაც საქართველოს არსებული ვითარება არარეალისტურად წარმოაჩინა. პირველ ფაქტორად მკვლევარი პირისპირ ჩატარებული ინტერვიუების ნაცვლად ონლაინ გასაუბრებას ასახელებს.

„ამან, როგორც ავტორები აღნიშნავენ, შერჩევა შეცვალა. ახალ შერჩევაში კი შესაძლოა, ის ხალხი მოხვდა, ვინც საშუალო სტატისტიკურ მოქალაქესთან შედარებით თავს უკეთ გრძნობს“, – ამბობს მაკა ჭითანავა.

ცდომილების მეორე ფაქტორად მაკა ჭითანავა კვლევის ჩატარების პერიოდს ასახელებს. პანდემიის პირველი ტალღის დროს მოსახლეობის განწყობა ბევრად უკეთესი იყო.

„საერთოდ სხვა სურათს მივიღებდით, თუ ეს კვლევა მთელი წლის განმავლობაში ჩატარდებოდა.“

მესამე მიზეზი კი, მკვლევრის აზრით, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გამოთვლის მეთოდია.

„კერძოდ, საქართველოსთვის გამოიყენეს მსოფლიო ბანკის ეკონომიკური ზრდის 2020 წლის პროგნოზი, რომელიც -4.8% იყო, ეს აღმოჩნდა უფრო ოპტიმისტური ეკონომიკური კლება, ვიდრე რეალურადაა.“ – ამბობს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი მაკა ჭითანავა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მდგომარეობა გასული წლის მონაცემთან შედარებით გაუმჯობესებულია, მკვლევართა აზრით, ეს მაჩვენებელი მაინც ძალიან დაბალია, ხოლო პანდემიისგან გამოწვეული კრიზისი მომდევნო წლების მონაცემებზე მეტად აისახება.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend