გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იზრდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, დროებით შეჩერდა შეზღუდვების შემსუბუქება. ანგელა მერკელი და 16 ფედერალური შტატის ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ კარანტინს 18 აპრილამდე გაახანგრძლივებენ. შეზღუდვები შეეხება თავყრილობასაც, რათა სააღდგომოდ შემცირდეს ინფექციის გავრცელება. ანგელა მერკელის განცხადებით, 1 და 3 აპრილი ერთჯერადად დასვენების დღეებად გამოცხადდება.
ბოლო 6 კვირის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო, თუმცა ახლა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში შეშფოთებას გამოთქვამენ. გაზრდილი შემთხვევების რაოდენობა კი ახალი ვარიანტების გავრცელებას უკავშირდება. ორგანიზაციაში ასევე გააკრიტიკეს ის ქვეყნები, რომლებიც ვაქცინებს დიდი რაოდენობით ყიდულობენ და სხვა ქვეყნებს არ უზიარებენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი აღნიშნავს, რომ მდიდარ ქვეყნებში მიღებული ვაქცინების რაოდენობა ბევრად აღემატება შედარებით ღარიბ ქვეყნებში „კოვაქსის“ პლატფორმის მიერ მიწოდებული ვაქცინების რაოდენობას. ღარიბი ქვეყნების საზოგადოებას არ სჯერა მდიდარი ქვეყნების ხელისუფალთა გულწრფელობისა, როდესაც ისინი სოლიდარობაზე საუბრობენ. ვაქცინების არასწორი განაწილება კი არა მარტო მორალური, არამედ ეკონომიკური და ეპიდემიოლიგიური სიტუაციის გათვალისწინებითაც მიუღებელია.
კომპანია „ასტრაზენეკამ“ ორშაბათს გამოაქვეყნა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევის შედეგი, რომლის მიხედვით, ვაქცინა ეფექტიანია და მხოლოდ მცირე რაოდენობით აქვს გვერდითი მოვლენები. ამიტომ ესპანეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, განაახლოს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება 65 წლამდე ასაკის ადამიანებში. ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრ კაროლინა დარიასის განცხადებით, მთავრობაში დამატებით ზომებს დასკვნის შესწავლის შემდეგ მიიღებენ.
ამ დროს კი ბევრი ესპანელი დაბნეულია და ბრაზს ვერ მალავს. მათ არ ესმით, რატომ არის ქვეყნის შიგნით ზოგიერთ რეგიონს შორის მოძრაობა აკრძალული, როდესაც ტურისტებით სავსე თვითმფრინავები აგრძელებენ ფრენებს. ბევრი გერმანელი და ფრანგი იმიტომ ჩადის ესპანეთში, რომ საკუთარ ქვეყენაში დაწესებულ მკაცრ კარანტინს აარიდოს თავი.