მთავარი საქართველო ჯანდარის ტბაზე ფრინველთა პირველი გუნდები უკვე გამოჩნდნენ

ჯანდარის ტბაზე ფრინველთა პირველი გუნდები უკვე გამოჩნდნენ

საგაზაფხულო მიგრაციის ყველაზე აქტიური ფაზა აპრილის შუა რიცხვებიდან იწყება და მაისის პირველ დღეებში სრულდება, თუმცა ეს პროცესი ნაწილობრივ უკვე დაიწყო. ჯანდარის ტბა ფრინველთა ნაწილისათვის დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს, სადაც ისინი ძალების აღსადგენად ჩერდებიან, ხოლო ზოგი სახეობა კი აქ უფრო ხანგრძლივი დროით რჩება.

„ჯანდარის ტბა ფრინველთათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, სპეციალური დაცული ტერიტორიაა. ამ ტბაზე არაერთი წყლის ფრინველი ისვენებს და ბუდობს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მცირე ჩვამების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოპულაცია სწორედ აქ ბინადრობს. ასევე, მიგრაციისას, ჯანდარის ტბაზე გუნდებად მრავალი სახეობის ნახვა შეიძლება”, — ამბობს ორგანიზაცია „საბუკოს“ კონსერვაციული კვლევების მენეჯერი ხატია ბასილაშვილი.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ჯანდარისა და კუმისის ტბები ორნითოლოგებისა და ფრინველთა მოყვარულებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია.

1979 წელს ევროპის საბჭომ ფრინველებთან დაკავშირებით  დირექტივა მიიღო, რომლის მიზანიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე არსებული სახეობების დაცვაა. ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველომ ფრინველთათვის სპეციალური დაცული ტერიტორიების შექმნის ვალდებულება 2014 წელს აიღო და ახლა ქვეყანაში 24 სპეციალური დაცული ტერიტორიაა. ჯანდარის ტბა — ერთ-ერთია მათ შორის, თუმცა აქ ფრინველებს საფრთხე მაინც ემუქრებათ.

„საფრთხე გამომდინარეობს იქიდან, რომ ჯანდარის ტბაზე ნადირობენ. ოფიციალურად სანადირო სეზონი პირველ მარტს სრულდება, თუმცა ჩვენ ნადირობის არაერთი ფაქტი დაგვიფიქსირებია იმ პერიოდში, როდესაც ეს აკრძალულია“, — აცხადებენ საბუკოში.

ჯანდარის ტბას მიგრაციისას და ზამთრისათვის, 20 000-მდე წყალში მცურავი ფრინველი იყენებს, მათ შორის არის წითელთავა ყვინთია, წითელი იხვი, გარეული იხვი, ჭიკვარა და სხვები. საერთო ჯამში ამ ტერიტორიაზე 221 სხვადასხვა სახეობა უნახავთ.

უახლესი

სხვა ამბები