მთავარისაქართველოთეატრის უცნობი გმირები

თეატრის უცნობი გმირები

თამაზ დუდაშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვის გარეშეც თეატრი ისეთი ზღაპრული სამყარო ვერ იქნებოდა, როგორიც ახლა არის. თუმცა იგი არც მსახიობია და არც რეჟისორი, იგი განათების ოპერატორია.

„საოცარი სამყაროა სინათლე. შეგიძლია ადამიანი ჩააბნელო, სახის ფორმა შეუცვალო და ა.შ., ხასიათიდან გამომდინარე. ეს არ ისწავლება, შინაგანად უნდა მოდიოდეს“ – ამბობს თამაზ დუდაშვილი.

 
მას მთელი ცხოვრება თეატრში აქვს გატარებული. ბავშვობაში მშობლებს დაჰყვებოდა თეტრში, რადგან მშობლები იქ მუშაობდნენ. თვითონაც უკვე 43 წელია, თეტრში მუშაობს.

„რეჟისორთან ერთად რეპეტიციას ესწრები. იგი გეუბნება რა უნდა. ერთად განიხილავთ საიდან და როგორ განათდეს, მიზანსცენა გაკეთდეს სხვა, მოემატოს ან დააკლდეს შუქი.
მსახიობმა შეიძლება რეპლიკა დააგვიანოს, მაგ დროს შუქი უნდა გავაჩერო. შეიძლება პირიქით, დაასწროს… სპექტაკლი ზეპირად უნდა იცოდე.“ – ამბობს თამაზ დუდაშვილი.

თეტრის ერთ-ერთი მაგია, დეკორაციაა. მაყურებელს სცენაზე ყოველ ჯერზე, სხვადასხვაგვარი გაფორმება ხვდება. დეკორაციის შექმნის შემდეგ, მასზე სცენის მემანქანეები ზრუნვენ.

„მუშაობას დილის 9-10 საათისთვის ვიწყებთ. წინა დღის სპექტაკლის დეკორაცია უნდა დავშალოთ, შემდეგ რეპეტიციისთვის მოვამზადოთ სცენა, ხოლო საღამოს ისევ სპექტაკლი ავაწყოთ.
სპექტაკლი ხარისხიანად უნდა ჩატარდეს, დეკორაცია იყოს სუფთა, მოწესრიგებული, კარგად დამაგრებული, აწყობილი და სცენა უნდა იყოს გამართული.
დღეს ერთი სპექტაკლია, ხვალ მეორე, ამ ყველაფერს შეცვლა ხომ უნდა, აწყობა და მორგება უნდა. ყველაფერს თავის ადგილი აქვს და ამ ყველაფერზე პასუხისმგებლები ჩვენ ვართ.“ – ჰყვება სცენის მთავარი მემანქანე, ლაშა პაპიაშვილი.

და ბოლოს, სასცენო კოსტიუმები… შექმნილი კოსტუმები მსახიობებმა ყოველ ჯერზე უნდა მოირგონ. ქეთი მამოიანი უკვე 35 წელია კოსტიუმებს უვლის და მსახიობებს არგებს.

„ვცდილობ, თეატრში ძალიან ადრე მოვიდე. წინასწარ გავამზადო კოსტიუმები, გავაუთოვო, გავრეცხო. მერე საგრიმიოროებში შემაქვს, ვაცმევ მსახიობებს. სცენაზეც ჩამაქვს, გადაცმის დროს ვეხმარები.
ყველაზე რთული ჩქარი გადაცმაა. ვცდილობ, მაგ დროს არ ვინერვიულო, მაგრამ ვღელავ, როგორ მოვასწრებთ. ხანდახან მხოლოდ წამები გვაქვს, მაგრამ მაინც ვასწრებთ.
ყოველთვის სპექტაკლის ბოლომდე ვრჩები. სპექტაკლი რომ დასრულდება, კულისებში და სცენაზე რჩება ბევრი რამ. არ ვტოვებ არაფერს. მირჩევნია გვიან გავიდე ვიდრე ადრე წავიდე სახლში და რამე დავკარგო.“ – ამბობს ქეთი მამოიანი.

ყველა თეატრს ჰყავს უცნობი გმირები. მაყურებელი მათ ვერ ხედავს, მაგრამ მათ გარეშე, თეატრი ვერ იარსებებს.

კესარია ჯავახიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend