მთავარისაქართველოვეგანობა პატიმრობისას - „ნახევრად მშიერი ვიყავი"

ვეგანობა პატიმრობისას – „ნახევრად მშიერი ვიყავი”

18 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მსოფლმხედველობის გამო დისკრიმინაციის საქმის ზეპირი განხილვა დაიწყო. მოსარჩელე დავობს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას, 6 თვის განმავლობაში ადმინისტრაციის მხრიდან ვეგანობის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო. იგი ითხოვს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას. ვეგანობის ნიშნით დისკრიმინაცია საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში ახალია.


სასჯელაღსრულების სამსახურის ამ დაწესებულებაში 2019 წლის 28 მაისს გლებ ტიმოფეევი მოხვდა. მას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაპატიმრებისთანავე ადმინისტრაციას  აუხსნა, რომ ვეგანი იყო, ანუ უარს ამბობდა ნებისმიერი ცხოველური პროდუქტით კვებაზე, იქნებოდა ეს  რძე, კვერცხი, ყველი თუ სხვა საკვები და დაწესებულების ადმინისტრაციას მისთვის მისაღები რაციონით უზრუნველყოფა სთხოვა. თუმცა, როგორც გლებ ტიმოფეევი ამბობს, მისი თხოვნა არ გაითვალისწინეს. ამას ისიც დაემატა, რომ მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი საკვები არც ციხის მაღაზიაში იყიდებოდა და შეტანაზეც უარი უთხრეს, რის გამოც 6 თვის განმავლობაში არასრულფასოვნად იკვებებოდა.

ყოფილი პატიმარი გლებ ტიმოფეევი ამბობს, რომ ის მუდმივად ნახევრად მშიერი იყო. დღეგამოშვებით კი საერთოდ ვერ იღებდა საკვებს.

„მე მხოლოდ მათ მიერ მოწოდებულ გარნირს ვჭამდი,რაც ჩემთვის მისაღები იყო. მაგალითად, თუ მოაქვთ წიწიბურა, მასში უკვე არის ჩაჭრილი სოსისი ან ქათმის ხორცი. რაც მართლმადიდებელ ეკლესიას მიაჩნია სამარხვოდ, ის არის ჩემი კვება. რაც შეეხება პროდუქტის ღირებულებას, თუ საქონლის ხორცი 15 ლარი ღირს, ცილა, რომელიც უნდა მივიღო, მხოლოდ 3 ლარი ჯდება“, – ამბობს გლებ ტიმოფეევი, ყოფილი პატიმარი.

ყოფილი პატიმარი სასჯელაღსრულების სამსახურს ვეგანობის  ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის. მის უფლებებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. მათი მოთხოვნა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და  მორალური ზიანის ანაზღაურებაა.

„სპეციალური კვება არ ითვალისწინებს დამატებით საკვებს. უბრალოდ გულისხმობს სპეციალურ დიეტას. ეს პრობლემა ექმნებათ არა მხოლოდ ვეგანებს,  არამედ მათ,  ვისაც სჭირდება სპეციალური კვება ჯანმრთელობის მდგომარეობიდან ან რელიგიური მრწამსიდან გამომდინარე. მაგალითად, ქრისტიანების შემთხვევაში მათ მარხვის დაცვა უნდათ, მარხვის დროს კი მათი ჯანმრთელობისთვის საჭიროა, რომ საკმარისი რაოდენობის საკვები მიიღონ“, – აღნიშნავს დავით ლომთაძე, საიას ადვოკატი.

სასჯელაღსრულების სამსახურის წარმომადგენლების თქმით, ყოფილი პატიმრის კვების სპეციალური საჭიროებების შესახებ მათთვის ცნობილი იყო, თუმცა ისინი ბრალდებას უარყოფენ.

ვეგანობა
სასჯელაღსრულების დაწესებულების განცხადება Copyright Euronews Georgia

„პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში გ.ტ. უზრუნველყოფილი იყო სრული კვებით, საკვებად მიეწოდებოდა ისეთი პროდუქტები, რომლებიც არ შეიცავდა ხელოვნურ ცხიმებს. სამედიცინო პერსონალის მიერ კი კონტროლდებოდა საკვების ოდენობა და კალორაჟი. შესაბამისად, მისი ბრალდება პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ საფუძველს მოკლებულია.“

სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 2019 წლის 25 სექტემბერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას გლებ ტიმოფეევის კვების რაციონთან დაკავშირებით ოფიციალური წერილი მიუვიდა. წერილის ბოლოს  ვკითხულობთ, რომ ამ ეტაპზე არ არის ცნობილი  ზუსტი თარიღი, თუ როდის შეიმუშავებენ ცალკე მენიუს ვეგანი  ბრალდებულებისათვის ან მსჯავრდებულთათვის. იურისტ დავით ლომთათიძის თქმით,   პენიტენციურმა დაწესებულებამ ამ წინადადებით პრობლემა ნაწილობრივ აღიარა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ უშუალოდ მოსარჩელის დარღვეული უფლებების აღდგენა, არამედ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კვების საკითხებთან დაკავშირებული რეგულაციების გადახედვის საფუძველიც გახდეს.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend