მთავარისაქართველოდაუნის სინდრომის დღის შესახვედრად

დაუნის სინდრომის დღის შესახვედრად

„ჩვენ ვაკავშირებთ“ – ასეთია დაუნის სინდრომის საერთაშორისო საზოგადოების 2021 წლის გზავნილი. გაწყვეტილი კავშირების პრობლემა, პანდემიისა და ჩაკეტილობის დროს განსაკუთრებით აქტუალურია, და ასევე, ეს სიტყვა, დაუნის სინდრომის ასოციაციების ერთმანეთთან კავშირსაც გულისხმობს. საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციაში ამბობენ, რომ გასულ წელთან შედარებით ახლა უფრო მეტი ადამიანი აღმოაჩინეს თბილისსა თუ რეგიონებში, ვისთვისაც  მნიშვნელოვანია დაუნის სინდრომის მქონენი საზოგადოებრივ ცხოვრებაში იყონ ჩართული.

ფერადი წინდები, ფერადი ნახატები და ფერადი  საღებავები. „დაუნის სინდრომის ასოციაციაში“  21 მარტისთვის ემზადებიან.  ამ დღეს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ერთიანდება.

 
15 წლის ალექსანდრე, მისი და მისი მეგობრების მოხატულ წინდებს ყველას უჩვენებს.  დეტალურად ხსნის როგორ უნდა გაკეთდეს ნახატი. მერე თავის სამომავლო გეგმებზე ყვება და ამბობს, რომ თბილისში  ბევრი საკვები ობიექტის გახსნას აპირებს:

„ბიზნესი უნდა დავიწყო: საშაურმეები, პიცერიები და სახინკლეები“-ამბობს ალექსანდრე კუპატაძე

ალექსანდრესგან სრულიად განსხვავებული გეგმები აქვს თომას, რომელსაც კულინარია აინტერესებს, თუმცა სამომავლოდ სულ სხვა პროფესია აქვს არჩეული:

„მე მინდა, რომ მუსიკოსი ვიყო“-ამბობს 14 წლის თომა ომანაძე

დაუნის სინდრომის ასოციიაცია საქართველოში 2017 წელს დაარსდა. აქ ცდილობენ ამ სინდრომის მქონე ადამიანები საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართონ. წინდა, რომელიც ფორმით ქრომოსომას ჰგავს, მათთვის უკვე 10 წელია მთავარი სიმბოლოა. მოხატული წინდები თავიანთი ხელით ყუნდა შექმნან. ჯერ ნახატებს ამზადებენ, შემდეგ კი ფერად წინდებზე გადააქვთ

„ყველას ერთი მიზანი გვაქვს, რომ ჩვენი ბავშვები ფეხზე დავაყენოთ დამოუკიდებელ ცხოვრებას მივაჩვიოთ. მას შემდეგ რაც ჩვენ არ ვიქნებით მათ გვერდით იყვნენ დამოუკიდებლები და ჰქონდეთ საკუთარი პროფესია და ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიონ და თავი გაიტანონ“, -ამბობს ასოციაციის წევრი ნინო სიხარულიძე.

სწორედ ამ  მიზანს ისახავს ასოციაციის პროგრამა 7+ რომელიც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა და მოზარდთა განვითარებას გულისხმობს.

ამ პროგრამის ფარგლებში ბავშვები მზიურის პარკში მოვიდნენ. სათამაშოდ, ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების გასავარჯიშებლად. პროგრამის ხელმძღვანელი თამარ უჩანეიშვილის თქმით  პროგრამის მთავარი მიზანი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის და სასურველი პროფესიისთვის მომზადებაა:

„ჩვენ მიგვაჩნია,რომ იმისთვის, რომ დამოუკიდებლობის ხარისხს მივაღწიოთ, რომ ადამიანი რეალიზებული გახდეს, უნდა ვიზრუნოთ მისი ფუნქციური უნარების განვითარებაზე, ალბათ უნდა განვმარტოთ რას ნიშნავს ფუქნციური უნარებიც, ესაა ყველაფერი რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვჭირდება დაწყებული პირადი ჰიგიენით დასრულებული, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქცევის წესებით“, -ამბობს პროგრამის ხელმძღვანელი თამარ უჩანეიშვილი

მსოფლიო წელს კიდევ ერთხელ შეხვდება 21 მარტს, ჭრელი წინდებით ხელში. ეს ფერადი წინდები კი ბევრს იმას შეახსენებს, რომ ქრომოსომებს არ ითვლიან.

ნინი ჯალაბაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend