მთავარი საქართველო ვიმედოვნებ, რომ მხარეები ახლა სერიოზულად დაფიქრდებიან, როგორ წავიდნენ წინ და გამოძებნონ საჭირო...

ვიმედოვნებ, რომ მხარეები ახლა სერიოზულად დაფიქრდებიან, როგორ წავიდნენ წინ და გამოძებნონ საჭირო გზები კომპრომისის მისაღწევად – კრისტიან დანიელსონი

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება ვერ შედგა. ათსაათიანი შეხვედრა, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიატორობით მიმდინარეობდა, შეთანხმების გარეშე დასრულდა. კრისტიან დანიელსონის განცხადებით, პრეზიდენტ მიშელის ექვსპუნქტიანი გეგმიდან რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, თუმცა იყო საკითხებიც, რომლებზეც მხარეები ვერ შეთანხმდნენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში კრისტიან დანიელსონი აღნიშნავს, რომ საბოლოოდ, პასუხისმგებლობა პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ქართულ პოლიტიკურ აქტორებს ენიჭებათ.

„ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისა და მისი ევროპული მისწრაფებებისთვის. ვიმედოვნებ, რომ მხარეები ახლა სერიოზულად დაფიქრდებიან, როგორ წავიდნენ წინ და გამოძებნონ საჭირო გზები კომპრომისის მისაღწევად.“


„პოლიტიკური კრიზისის დასრულება იქნებოდა იმის საფუძველი, რომ პოლიტიკურ აქტორებს მთელი ყურადღება კოვიდპანდემიისა და მისი სოციალურ-პოლიტიკური შედეგებისთვის დაეთმოთ, ასევე ევროკავშირის დღის წესრიგზე გაემახვილებინათ ყურადღება და საქართველოს რეგიონული უსაფრთხოების ინტერესები დაეცვათ – ეს ნამდვილი გამოწვევებია, რომელთა წინაშეც ეს ქვეყანა დგას“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ დრო ტყუილად არ დაუკარგავთ, რადგან საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პოზიციები დაახლოებულია. თუმცა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მოლაპარაკებებისთვის მზად არ აღმოჩნდა.

„მათ წამოაყენეს კონკრეტული ულტიმატუმები, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც ითვალისწინებდა კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას. ბუნებრივია, ასეთი ულტიმატუმები მიუღებელია დიალოგის პროცესში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლებს კი მიაჩნიათ, რომ მოლაპარაკებების წარუმატებლობის პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. მათი აზრით, ქართული ოცნების წარმომადგენლები ოპოზიციის მოსაზრებების სერიოზულად განსახილველად მზად არ იყვნენ.

„ჩვენ ქართულ საზოგადოებას ვერ ვაჩვენეთ მაღალი კულტურა და ევროპული სტანდარტი. ღიად მინდა განვაცხადო, რომ ამ ყველაფერში დამნაშავე არის ქართული ოცნება“, – განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

მხარეები რომ ვერ შეთანხმდნენ, გიგა ბოკერია მთავრობას ადანაშაულებს.
„ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას პოლიტპატიმრების ანუ პოლიტიკური დევნისა და ვადამდელი არჩევნების საკითხებთან დაკავშირებით. მე შემექმნა შთაბეჭდილება რომ ამ ხალხს ივანიშვილისგან აკრძალული აქვს, განიხილოს ნებისმიერი გონიერი განცხადება.“

პარტიის “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ მედიატორებმა შეიმუშავეს ძალიან საინტერესო იდეები ბევრი მიმართულებით.

„რაც შეეხება საქართველოს ინსტიტუციურ განვითარებასა და დემოკრატიის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, ეს იდეები არ იქნა გაზიარებული მოლაპარაკების მეორე მხარის მიერ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერის ზურა ჯაფარიძის თქმით, ამდენი დღის განმავლობაში, მომლაპარაკებლებმა ვერ შეძლეს, წარედგინათ ისეთი დოკუმენტი, რომელსაც „ქართული ოცნება“ დაეთანხმებოდა. ხელისუფლების წარმომადგენლების პრეტენზიები ამოუწურავი იყო.

კრისტიან დანიელსონი ბრიუსელში გაემზავრა, სადაც ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შვიდდღიანი მოლაპარაკებების შესახებ ანგარიშს წარუდგენს. როდის და რა ფორმატში გაგრძელდება მოლაპარაკებები ქართულ პოლიტიკურ მხარეებს შორის, ჯერჯერობით უცნობია.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები