ევროპის წამლის სააგენტოს განცხადება, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს ვაქცინაციის პროცესს იმ ქვეყნებში, რომლებშიც დროებით შეჩერებული იყო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება. საფრანგეთსა და გერმანიაში, გეგმის მიხედვით, სწორედ „ასტარზენეკას“ ვაქცინით ცრიდნენ მოსახლეობას. ახლა კი ორივე ქვეყნის მთავრობაში განაცხადეს, რომ ამ ვაქცინით აცრა 19 მარტიდან განახლდება. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ჟან კასტექსის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციებს კვლავ გასცემს და, შესაბამისად, განახლდება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს შპანი აღნიშნავს, რომ ვაქცინაციის დროებით შეჩერება სწორი გადაწყვეტილება იყო. მისი აზრით, ვაქცინაციის პროცესს ვერ გააგრძელებდნენ, სანამ ევროპის წამლის სააგენტოს მიერ კონკრეტული დასკვნა არ ექნებოდათ.
ესპანეთში 24 მარტიდან აღდგება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება. ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრი კაროლინა დარიასი აცხადებს, რომ ჯერ უნდა გაეცნონ ევროპის წამლის სააგენტოს დასკვნას. მომავალი კვირიდან იგი რეგიონულ მმართველებს შეხვდება, რომ თავიდან შეაფასონ, თუ რომელი ასაკობრივი ჯგუფის წევრები მიიღებენ ამ ვაქცინას.
„ასტრანაზენეკას“ ვაქცინის გამოყენების შეჩერებამ ევროპის ქვეყნების მოქალაქეებში ვაქცინების მიმართ ისედაც არაერთგვაროვანი დამოკიდებულება კიდევ უფრო გაამძაფრა. მოსახლეობის უმეტესობა შეშფოთებას გამოთქვამს ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ზოგიერთი კი ამ გაურკვეველ მდგომარეობას ბუნებრივად აფასებს.
ევროპის ლიდერებს კი ვაქცინაციის პროგრამების დაჩქარება სურთ, რადგან უკვე ბევრ ქვეყანაში მკვეთრად იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა.