მთავარისაქართველო„მე საქართველოს მოქალაქე ვარ“

„მე საქართველოს მოქალაქე ვარ“

„მე დიასპორა არ ვარ, მე საქართველოს მოქალაქე ვარ“ – ასე პასუხობენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და მხარდამჭერები გადაწყვეტილებას, რომლითაც საქართველოს პარლამენტში ეროვნული უმცირესობების საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო – საკონსულტაციო საბჭო დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ბაზაზე შეიქმნა. აქციაზე მყოფი ეთნიკური უმცირესობის წევრმა საქართველოს მოქალაქეებმა თქვეს, რომ ისინი ამ ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან და საკუთარ თავს, სხვა ქვეყნის დიასპორად არ თვლიან. მათი განცხადებით, პარლამენტის ეს გადაწყვეტილება შეურაცმყოფელია.


“ჩვენთვის არსებითად პრობლემურია ჩვენი ასოცირება სხვა ქვეყნებთან და ჩვენი, როგორც დიასპორად იდენტიფიცირება. სახელმწიფო გვიყურებს, როგორც დიასპორას. კონსტიტუციით კი ჩვენ ყველა, საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეები ვართ. ასეთი მიდგომა ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა და იმედი მაქვს, პარლამენტი შეცვლის თავის გადაწყვეტილებას“, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, პლატფორმა „სალამის“ წევრი ქამრან მამადლი.

მოქალაქეების პროტესტს უერთდებიან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მუშაობენ. „ადამიანის უფლებებისა და სწავლების ცენტრის (EMC)“ თანასწორობის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე ამბობს, რომ სახელმწიფო პოლიტიკა ამ მიმართულებით გადასახედი და შესაცვლელია.

„ეს კიდევ ერთხელ ამყარებს გაბატონებულ წარმოდგენას, რომ ეთნიკური უმცირესობები დანახული გვყავს, როგორც დიასპორა. იმ ფონზე, როდესაც საქართველოში გვაქვს ეთნიკური პრობლემების და კონფლიქტების დიდი გამოცდილება, ამ გადაწყვეტილების მიღება სრულიად გამაოგნებელია. პარლამენტს მოვუწოდებთ, ეს საბჭო ადამიანის უფლებათა კომიტეტის საქმიანობის ნაწილი გახდეს“, – განაცხადა თამათა მიქელაძემ.

კრიტიკის ადრესატი მოქალაქეების პროტესტს მალევე გამოეხმაურა. თუმცა აღსანიშნავია, რომ მოქალაქეების პროტესტმა, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის ბექა ოდიშარიას განაწყენება გამოიწვია. დეპუტატის თქმით, აქციის გამართვამდე მოქალაქეებს შეეძლოთ მისთვის მიემართათ და ამ საკითხზე, სამუშაო შეხვედრა გაემართათ. პარლამენტის წევრი ამბობს, რომ კომიტეტის კარი დაინტერესებული პირებისთვის ღიაა.

„ამ პროტესტის გამართვამდე, უმჯობესი იყო ჩემთვის მოეწერათ, ან დაერეკათ. ეთქვათ, რომ აქვთ პროტესტი, ან შენიშვნა. ჩვენ ყოველთვის ღია ვართ ინიციატივებისთვის. ეს მცირე წამოდუღებაც კი, რომელიც არ არის მასშტაბური, უფრო ჯობს რომ საქმიან ჭრილში გადავიტანოთ. იმის გამო, რომ მხოლოდ სიტყვა ფიგურირებს საბჭოს დასახელებაში, ამ კეთილშობილი საქმის გაფუჭება არ ღირს“, – აცახადებს დეპუტატი ბექა ოდიშარია.

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა საქართველოს მოქალაქეებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა, პარლამენტს წერილით მიმართეს, რათა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო არა დიასპორის, არამედ ადამიანის უფლებათა კომიტეტის ბაზაზე შეიქმნას. პასუხს საკანონმდებლო ორგანოსგან ელიან.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend