მთავარი საქართველო ვაქცინაციის მესამე დღე საქართველოში და 5 000-ზე მეტი მსურველი

ვაქცინაციის მესამე დღე საქართველოში და 5 000-ზე მეტი მსურველი

მესამე დღეა საქართველოში სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს. ექიმები სპეციალურად შექმნილ ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრირდებიან, სადაც  შესაძლებლობა აქვთ სასურველი კლინიკა შეარჩიონ და ასაცრელად ჩაეწერონ. ვაქცინის გაკეთებამდე ისინი ჯერ ინფექციონისტებთან კონსულტაციას გადიან, რათა მოსალოდნელი რისკები შეფასდეს. “ასტრაზენეკას” ვაქცინით აცრა ორ ეტაპად ხდება. პირველსა და მეორე აცრას შორის შუალედი 8-დან 12 კვირა უნდა იყოს. ამ პერიოდში მოქალაქეებმა უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად უნდა დაიცვან, რომ არ დაინფიცირდნენ. თუკი, ინფიცირება მაინც მოხდება, მათ ვაქცინის მეორე დოზას აღარ გაუკეთებენ და უკვე ხელახალი ვაქცინაცია გახდება საჭირო.


თბილისის ქუჩებში სახელდახელო გამოკითხვისას, მოქალაქეები ასე გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას ვაქცინაციის მიმართ:

“ვაქცინა ალბათ ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა იმისთვის, რომ პანდემია დამთავრდეს. უნდა ვენდოთ ყველა შემთხვევაში იმ ვაქცინას, რომელიც შემოვა. მე ნებისმიერს გავიკეთებ”.

“გააჩნია რომელი ქვეყნის იქნება. საწამლავი თუ გავიკეთე და ცუდად იმოქმედა სჯობს, არ გავიკეთო. გააჩნია, რას შემოიტანენ, ამათ ნარჩენები შემოაქვთ”.

“მგონია, რომ ვაქცინა საკმარისად სანდოა. როცა დადგება ის ეტაპი, რომ ყველა მოქალაქისთვის იქნება შესაძლებელი ვაქცინის გაკეთება, მე დიდი სიამოვნებით გავიკეთებ”.

“ახალია ეს ყველაფერი, ამიტომ ვფიქრობ, დროს და გამოცდას საჭიროებს. შესაძლოა, სხვა ადამიანებზე გამოცდა ცუდი სათქმელია, მაგრამ მე ჯერ თავს შევიკავებ, ეს ჩემი პირადი აზრია”.

ვიდრე მოქალაქეები ფიქრობენ და მათი რიგი მოვა, ვაქცინას ექიმები იკეთებენ. მსურველების რაოდენობაც იზრდება. ქირურგმა თინათინ კიკვაძემ აცრის შესაძლებლობა პირველივე დღეს გამოიყენა.

“სულმოუთქმელად ველოდი იმ დღეს, როდესაც ვაქცინაცია დაიწყებოდა. როგორც კი ვაქცინა შემოვიდა, მაშინვე გავიარე რეგისტრაცია და პირველივე დღეს დავჯავშნე ადგილი. აცრის შემდეგ პირველი 24 საათის განმავლობაში მქონდა მცირედი დისკომფორტი, ტკივილი კუნთების მიდამოში, ასევე მქონდა ტკივილი ინექციის ადგილას და დაბალი ტემპერატურა, თუმცა დღეს უკვე კარგად ვგრძნობ თავს” – ამბობს ვ. ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმი თინათინ კიკვაძე.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ამ დრომდე სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე ჯანდაცვის სექტორის 5 000-ზე მეტმა წარმომადგენელმა გამოთქვა ვაქცინაციის სურვილი. მათგან 2 300-ზე მეტი უკვე აიცრა. განსაკუთრებული გვერდითი ეფექტი ან გართულება “ასტრაზენეკას” ვაქცინას საქართველოში ჯერ არ გამოუწვევია.

“როგორც სხვა ნებისმიერი ვაქცინის, ისე ამ ვაქცინის შემთხვევაში გარკვეული გვერდითი ეფექტები დასაშვებია – ამას უნდა მოვეკიდოთ ყურადღებით, სიფრთხილით, მაგრამ არა შიშით. ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო პერსონალმა მაქსიმალურად გაითავისოს რამხელა მნიშვნელობა აქვს ვაქცინაციას, იმისთვის რომ ამ ინფექციისგან ვიყოთ დაცული და შემცირებული რისკის ფონზე შევძლოთ ცხოვრება” – ამბობს ინფექციური საავადმყოფოს ექიმი, ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი.

იმისთვის, რომ ბოქსირებულ განყოფილებებში კორონავირუსით ინფიცირების გამო პაციენტები აღარ მოხვდნენ, ექიმებს ერთი პასუხი აქვთ – დროული ვაქცინაცია.

ნანუკა მეშველაშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები