ხანგრძლივი კოვიდი

კორონავირუსის პანდემიამ ადამიანების ცხოვრებაზე გავლენა მთელ მსოფლიოში მოახდინა. თუმცა არის შემთხვევები, როცა კორონავირუსის შედეგები ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობაზე განსაკუთრებული სიმძიმით აისახა. დიდ ბრიტანეთში პანდემიის დაწყებისას დაინფიცირებული სამი ადამიანი დღემდე უჩივის ვირუსის შედეგად გაუარესებული ჯანმრთელობის პრობლემებს.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან 1 წლის შემდეგ მეცნიერები კვლავ იკვლევენ, რა გართულებები შეიძლება გამოუვლინდეს ზოგიერთ ადამიანს ვირუსის გადატანის შემდეგ. სტატისტიკის მიხედვით, ინფექციაგადატანილთა მესამედს ერთ-ერთი სიმპტომი აუცილებლად აღენიშნება, მაგალითად, ინფიცირებიდან 6 კვირის შემდეგაც კი ადამიანებს არ უბრუნდებათ გემოსა და ყნოსვის შეგრძნება, ზოგიერთს კი მუდმივი დაღლილობის განცდა აქვს.

24 წლის ალექს როუზი კორონავირუსით 2020 წლის 27 მარტს დაინფიცირდა და დღემდე განიცდის მისგან გამოწვეულ შედეგებს. როგორც თავად აღნიშნავს, იგი დროის უმეტეს ნაწილს საწოლში ატარებს. მას ასევე ყელის პრობლემები აქვს. სანამ დაინფიცირდებოდა, კვირაში 3-ჯერ ფეხბურთს თამაშობდა და ყველგან ველოსიპედით დადიოდა.  კორონავირუსის გადატანის შემდეგ სახლიდან გასვლაც კი უჭირს.

 

კრისტინა ბარეტი 50 წლისაა, მას კორონავირუსი 2020 წლის 28 მარტს დაუდგინდა. ვირუსის გამო ერთი დღეც კი არ გასულა,  თავი ცუდად რომ არ ეგრძნო. მუდმივად დაღლილობის შეგრძნება აწუხებს. კრისტინას არ სურს,  მის მსგავსად სხვებიც დაიტანჯონ.

ჯეიდ გრეი-ქრისტი 33 წლისაა. იგი კორონავირუსით 2020 წლის 28 მარტს დაინფიცირდა. ადრე ჯეიდი ფიზიკურად ძალიან აქტიური იყო, თუმცა ავადმყოფობის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. მას დღემდე აწუხებს სუნთქვის უკმარისობა და ტკივილები გულმკერდის არეში.

ალექსმა, კრისტინამ და ჯეიდმა ერთმანეთი ონლაინჯგუფის მეშვეობით იპოვეს. ისინი ერთმანეთს ამხნევებენ და ცდილობენ, ერთად გაუმკლავდნენ კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend