არჩევნებში რეკორდული რაოდენობის 37 პარტია მონაწილეობს. მათ შორის არიან მემარცხენეებიც და მემარჯვენეებიც, ე.წ. ბუმერების თაობა, ცხოველთა პარტია და ისეთი პარტიაც კი, რომელსაც სჯერა რომ ქრისტე ცოცხალია.
მრავალფეროვანი არჩევანის მიუხედავად, წინასწარ ყველამ იცის, თუ ვინ იჯდება იმ პატარა კოშკში, სადაც პრემიერ-მინისტრის ოფისია. 2010 წლიდან კი ეს მარკ რუტეს სამუშაო ადგილია და, როგორც ჩანს, არც აპირებს აქაურობის დატოვებას.
პოლიტოლოგი კრის ალბერტსი მიიჩნევს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი კმაყოფილია, როგორ გაუმკლავდა ქვეყანა კორონავირუსს.
„რა თქმა უნდა, კრიტიკაც ისმის. თუმცა ხალხი თვლის, რომ მარკ რუტე კრიზისის დროს კარგი მენეჯერია. ვნახოთ, რა მოხდება,“ თქვა პოლიტოლოგმა.
საზოგადოების მცირე ნაწილი საყოველთაო კარანტინის გამოცხადებას ეწინააღმდეგება, რაც ხშირად საპროტესტო აქციებით მთავრდება. თუმცა მოსახლეობის უმეტესობას მიაჩნია, რომ პანდემიასთან ბრძოლის გეგმები სწორად არის შემუშავებული. მათ სტაბილურობა სურთ.
ეგზიტპოლების მიხედვით, მეორე ადგილზე მემარჯვენეთა ლიდერი ხერტ ვილდერსია, რომელიც 1998 წლიდან მოყოლებული პარლამენტის წევრია, თუმცა მთავრობაში არასდროს ყოფილა.
„ხერტ ვილდერსის პროგრამა დისკრიმინაციულია მუსლიმებისა და მეორე პასპორტის მქონე ადამიანების მიმართ. ხერტ ვილდერსი ამ პროგრამას რომ წერდა, სავარაუდოდ, დარწმუნებული იყო, რომ ხელისუფლებაში არასდროს მოვიდოდა. ამიტომ მას შეუძლია მუდმივად ოპოზიციაში იყოს, ეს ურჩევნია კიდეც“,- თქვა კრის ალბერტსმა ევრონიუსთან საუბარში.
თუ ვილდერსს მთავრობაში მოსვლა არ სურს, მაშინ გასარკვევია, რუტესთან ერთად ვინ შექმნის კოალიციას. პოლიტოლოგი მიიჩნევს რომ შემდეგი მთავრობა ხელისუფლებაში მხოლოდ ერთი ან ერთ-ნახევარი წლით იქნება ხელისუფლებაში.
„როცა კრიზისს გადავაგორებთ, ხელახალი არჩევნები ჩატარდება. ამიტომ ალბათ 1-2 წელში ისევ აქ ვიქნებით.“
ერთი რამ ცხადია, მარკ რუტე ზედიზედ მეოთხედ გახდება ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი. თუმცა არავინ იცის, კორონავირუსის კრიზისის დასრულების შემდედ კიდევ რამდენ ხანს დარჩება რუტე ამ თანამდებობაზე.