მთავარისაქართველოკრისტიან დანიელსონის ვიზიტი გრძელდება

კრისტიან დანიელსონის ვიზიტი გრძელდება

მეხუთე დღეა, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი მმართველ პარტიასა და ოპოზიციასთან შეხვედრებს მართავს.

გუშინ, 15 მარტს, საღამოს კრისტიან დანიელსონი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებს შეხვდა.

შეხვედრაში მონაწილებდნენ ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პოლიტსაბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი. მოლაპარაკებას ესწრებოდა ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

„აქ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს გადამწყვეტი როლი აქვთ. და მე მჯერა, რომ ისინი იმოქმედებენ ისე, როგორც საჭიროა შეთანხმების მიღწევისათვის და დიალოგის წარმატებით დასრულებისათვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ არავის ვეხვეწებით პარლამენტში შემოსვლას, თუმცა ის საკითხები, რაც პრეზიდენტ მიშელთან ოპოზიციამ დააყენა, ავტომატურად მოითხოვს პარლამენტში ჩართულობას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიის ლიდერებსაც შეხვდა. მათი თქმით, შეხვედრის თემა კვლავ ექვსპუნქტიანი შეთანხმების დეტალები იყო.

„რასაც ვამბობთ თქვენ წინ, იმას ვამბობთ შეხვედრის მაგიდასთანაც – ეს არის პოლიტპატიმრების თემა, რიგგარეშე არჩევნები და სხვა უამრავი საკითხი, რომელიც ქვეყნის ინსტიტუციონალურ განვითარებას ეხება“, – ამბობს პარტია „ლელო საქართველოს“ ლიდერი ხაზარაძე.

„მოლაპარაკება გულისხმობს იმას, რომ ყველა მხარე მზად უნდა იყოს კომპრომისებისა და მოქნილობისათვის“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

 

კრისტიან დანიელსონი ბრიუსელში 14 მარტს უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა საქართველოში დარჩა და ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად მხარეებთან შეხვედრებს აგრძელებს.

„მაქვს კონკრეტული მისია პრეზიდენტ მიშელისგან დაწესებული, რომ დავეხმარო მხარეებს მედიაციის პროცესში“, – ამბობს კრისტიან დანიელსონი.

თბილისში მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  ბრიუსელში გაემგზავრა. გუშინ იგი ორჯერ შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს.

ჯერჯერობით უცნობია, როდის დასრულდება კრისტიან დანიელსონის ვიზიტი. მმართველი პარტია პრემიერ-მინისტრის ბრიუსელის ვიზიტის შედეგებსაც ელის. მათ იმედი აქვთ, რომ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend