კარდიოლოგი იყო, თუმცა, როგორც თავად ამბობს, მეტი რისკი სურდა, ამიტომ პროფილი შეიცვალა და ინფექციონისტი გახდა. მას შემდეგ თენგიზ ცერცვაძე ათასობით ინფიცირებულს მკურნალობდა, თუმცა პაციენტთან პირბადე არასდროს გამოუყენებია. საკუთარი თავის დაცვაზე არც მაშინ ფიქრობდა, როცა განსაკუთრებით საშიში დაავადებით ინფიცირებულებთან ჰქონდა შეხება. შემდეგ დაიწყო პანდემია და იძულებული გახდა, პირბადესაც შეჩვეოდა. „ევრონიუს ჯორჯიასთან“ თენგიზ ცერცვაძე იმ დღეს იხსენებს, როდესაც საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა.
“ეს იყო 2020 წლის 26 თებერვალს, ძალიან დიდი აჟიოტაჟი იყო. როდესაც სასწრაფოს მანქანით მოიყვანეს პაციენტი, მთელი მასმედია მოჰყვა. ამ პაციენტის მანქანიდან გადმოსვლასა და სტაციონარში მოთავსების პროცესს ყველა იღებდა. თუმცა მაშინ არ ვიცოდით, რომ ეს პანდემია ამხელა მასშტაბებს მიაღწევდა. ყველაზე მძიმე პერიოდი გადავიტანეთ, იმ დღეებში 24-საათიან რეჟიმში გვიწევდა მუშაობა. მიუხედავად ჩემი ასაკისა და ჯანმრთელბის არასახარბიელო მდგომარეობისა, ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ სახლში ვერ წავსულვარ დ აქ, სამსახურში, დავრჩენილვარ. ჩემზე უფრო ახალგაზრდა კოლეგებისთვის კი ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. ისინი პრაქტიკულად აქ ცხოვრობდნენ.
შიში ჩემთვის უცხოა, უფრო სწორედ, დაავადების შიში. გარკვეული შიში მეც მახასიათებს. სხვათა შორის, სიმაღლის მეშინია, მაღალი სართულიდან ვერ ვიხედები, მაგრამ დაავადების შიში ნამდვილად არ მაქვს. კორონავირუსის პანდემიამდე კიდევ ერთი რამით ვიყავი ცნობილი. ადრე განსაკუთრებით საშიში დაავადებებით ინფიცირებულებთან კონტაქტისას ნიღაბს არასდროს ვიკეთებდი. ახლა ვიკადრე და გავიკეთე. იძულებული გავხვდი, რომ გამეკეთებინა, სხვები რომ არ დამეზარალებინა. ალბათ არასწორი, მაგრამ ასეთი მიდგომა მქონდა, რომ მე თუ ნიღაბს გავიკეთებდი და „კოსმონავტის ფორმით“ აღჭურვილი შევიდოდი მძიმე ავადმყოფთან, ის იფიქრებდა, რომ რაღაც საშინელება სჭირდა და ექიმსაც კი მასთან მიახლოების ეშინოდა“, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი.
ანანო ღუდუშაური