მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ – 120 მილიონს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 97 მილიონს გადააჭარბა. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს არაერთ ქვეყენაში მიმდინარეობს. ამასთან, ასტარზენეკას ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა ევროპის რამდენიმე ქვეყანამ – პორტუგალიამ, სლოვენიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ და ესპანეთმა. მიმდინარეობს კვლევა, რამდენად იწვევს ასტრაზენეკას ვაქცინა სისხლის შედედებას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კვლევას გააგრძელებენ, თუმცა ამავე დროს ქვეყნებს მოუწოდებენ არ შეაჩერონ ვაქცინაციისთვის ასტრაზენეკას გამოყენება.
,,ამ მომენტისათვის ჩვენ ვფიქრობთ, რომ „ასტრაზენეკას“ და სხვა ვაქცინებით აცრის შემთხვევაში გართულების ალბათობა გაცილებით მცირეა, ვიდრე აცრაზე უარის თქმის და, შესაბამისად, კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევაში. როგორც ყველამ ვიცით, ვირუსი ძალიან მძიმე გავლენას ახდენს ინფიცირებულ ადამიანებზე, იწვევს სხვადასხვა დაავადების გართულებას, ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილს”,- განაცხდა ჯანმოს გენერალური დირექტორის თანაშემწე მარიანგელა სიმაომ.
„ასტრაზენეკას“ ორგანიზაციაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებენ:
,,ჩვენთვის პრიორიტეტული ადამიანების უსაფრთხოებაა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ქვეყნების ჯანდაცვის უწყებებთან და ევროკავშირის შესაბამის ოფიციალურ წარმომადგენლებთან და კვირის ბოლოსთვის ველოდებით მათ საბოლოო დასკვნას ვაქცინასთან დაკავშირებით. ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში სულ 17 მილიონი აცრა ჩვენი ვაქცინით და ამ რიცხვიდან თრომბის განვითარების შემთხვევები მხოლოდ 100-ზე ნაკლებ ადამიანში გამოვლინდა’’, – ნათქვამია განცხადებაში.
მიუხედავად ამ განცხადებებისა, ვაქცინების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება ევროპის ქვეყნებში დღითიდღე იზრდება. ესპანეთის ხელისუფლება, მეზობელი ქვეყნების ხელისუფლებების მსგავსად, ფიქრობს, რომ ვაქცინაციის დროებით შეჩერება და აცრილ ადამიანებზე დაკვირვება უფრო მეტად გაზრდის ვაქცინების მიმართ საზოგადოების ნდობას.
ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა იწვევს თრომბს. მიუხედავადა ამისა ისინი კვლავ გადახედავენ არსებულ მონაცემებს და ხუთშაბათს ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალურ შეხვედრას გამართავენ.