მთავარი ამბები საქართველოს პარლამენტში ეროვნული უმცირესობების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა

საქართველოს პარლამენტში ეროვნული უმცირესობების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა

საქართველოს პარლამენტში ეროვნული უმცირესობების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა. საბჭო საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ბაზაზე, საქართველოს პარლამენტის წევრი რიმა ბერაძის ინიციატივითა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერით შეიქმნა.

საბჭო საქართველოში მცხოვრებ თექვსმეტ თემს აერთიანებს და მისი მთავარი მიზანი ორმხრივი, ეფექტიანი ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების სისტემური პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა იქნება.

საბჭო  აქტიურად იმუშავებს ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდების დასაქმებისა და კულტურული მიმართულებებითაც.

„ეროვნული უმცირესობები ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ. მათი უმრავლესობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა და მრავალი წელია ჩვენი ქვეყნის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვთ. მათი საპარლამენტო და საკომიტეტო საქმიანობაში ეფექტიანი ჩართულობის მიზნით, დღეს, დიასპორის კომიტეტის ბაზაზე, ეროვნული უმცირესობების საკონსულტაციო საბჭო შევქმენით. ამ ეტაპზე საბჭო 16 თემს აერთიანებს და ის ღიაა ამ თემებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და ექსპერტებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ საბჭოს საქმიანობა იქნება ძალიან წარმატებული და ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეროვნული უმცირესობების საპარლამენტო საქმიანობის ჩართვასა და ორმხრივი ინტეგრაციის მიმართულებებით“ – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძემ.

კომიტეტის  სხდომას შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ესწრებოდა.

„ყველას, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ მოქალაქეებს, ძალიან გვჭირდება  ჰარმონიული თანაცხოვრება, თანასწორობის მიღწევა და ერთმანეთთან თანამშრომლობით, საქართველოს დემოკრატიული განვითარების მიღწევა“, – განაცხადა ლია გიგაურმა.

როგორც სხდომაზე აღინიშნა,  სამინისტროს წარმომადგენელი აქტიურად იქნება ჩართული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მუშაობაში.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა 15 მარტს საბჭოს შემქნას მხარი ერთხმად დაუჭირა. კომიტეტმა იმ დღესვე საკონსულტაციო საბჭოს  დებულება და სამთვიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

 

 

უახლესი

სხვა ამბები