მთავარისაქართველოდამსაქმებლებმა თანამშრომლების სამუშაო საათები უნდა აღრიცხონ

დამსაქმებლებმა თანამშრომლების სამუშაო საათები უნდა აღრიცხონ

გიორგი ჩუგოშვილი ტანსაცმლის მაღაზიის ფინანსური დირექტორია, კომპანია  პროდუქციას ონლაინ ყიდის. დისტანციურად დასაქმებულთა სამუშაო გრაფიკი ძირითადად ავტომატურად აღირიცხება. თუმცა მაღაზიაში ფიზიკურად დასაქმებულთა სამუშაო საათების აღიცხვას ავტომატურად ვერ ახერხებდნენ.

პირველი მარტიდან კი საქართველოში კომპანიებისთვის დასაქმებულების სამუშაო საათების აღრიცხვა სავალდებულო გახდა და კომპანიაში ყველა  დასაქმებულის საათების მუდმივი აღრიცხვა მოუწევთ.

გიორგი ჩუგოშვილის თქმით საოპერაციო გუნდისთვის დიდი ცვლილება არ მომხდარა, რადაგან სამსახურში მოსვლა და ბოლო ტრანზაქცია, როგორც სამუშაოს დასრულების დრო, ავტომატურად ფიქსირდება.

„შემოქმედებითი და ტექნიკური ჯგუფებისთვის მაინცდამაინც სახალისო ამბავი არ იყო, თუმცა რადგან რეგულაციაა, გვიწევს უნდა დავემორჩილოთ“,- თქვა კომპანიის ფინანსური დირექტორმა.

სამუშაო საათების აღრიცხვის წესის დამტკიცების მიზანი დასაქმებულთა უფლებების დაცვაა. წესი, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა, დასაქმებულს შესაძლებლობას აძლევს, დააფიქსიროს ზეგანაკვეთურად მუშაობის საათები და მოითხოვოს ანაზღაურება.

 

წესის თანახმად, ფორმა, ე.წ. ტაბელი, რომელზეც საათები აისახება, შეიძლება იყოს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული. კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, ტაბელი თავის საჭიროებებს მოარგონ და მასში ცვლილებები შეიტანონ.

დამსაქმებელთა ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ახალი წესი დამატებითი ხარჯებისა და რესურსების საჭიროებას გააჩენს.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ბორდის წევრი შალვა ცხაკაია ამბობს, რომ კანონი არ ასხვავებს დიდ, მცირე და საშუალო ბიზნესს.

„ყველა კომპანიას ერთნაირი რეგულაცია აქვს. ეს ზედმეტ ბიუროკრატიად აღიქმება კერძო სექტორში, რაც დამატებით ადამიანურ რესურსს მოითხოვს. რაც მთავარია, ეს დამატებითი ტვირთია არა მხოლოდ დამსაქმებლისთვის, არამედ თავად დასაქმებულისთვისაც. დასაქმებულსაც თვითონ მოუწევს თავისი ზედმეტი საათების აღრიცხვა და ამის შესახებ ანგარიშის ჩაბარება“, –  განაცხადა შალვა ცხაკაიამ.

ახალი წესის ეფექტიანობის გაკონტროლება შრომის ინსპექციას ევალება. თუ დასაქმებული რამე დარღვევას აღმოაჩენს, მას შეუძლია საჩივრით მიმართოს შრომის ინსპექციას. ამ უკანასკნელს კი,  შეუძლია ტაბელი მოითხოვოს და შეუსაბამობის შემთხვევაში კომპანია დააჯარიმოს.

დამსაქმებელთა ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ  კომპანიებში ახალი წესის წარმატებით დანერგვა და შემდგომ მისი შემოწმება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე ევრონიუსთან ახალ წესს ხსნის.

„დასაქმებული თუ ეთანხმება იმ შესრულებულ სამუშაოს ოდენობას, რომელიც ტაბელშია მითითებული, ცხადია, რომ შრომის ინსპექციას დამატებითი კითხვები, გარდა იშვიათი გამონაკლისისა, აღარ ექნება. იშვიათი გამონაკლისია, თუ დავა არის წარმოქმნილი ან გარკვეული ეჭვი არსებობს და ეს უნდა შეფასდეს სამუშაოს თავისებურებიდან გამომდინარე. ამიტომ ეფექტიანობის თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ საკმაოდ წარმატებით იქნება დანერგილი“, – განმარტავს ბექა ფერაძე.

დამსაქმებლების ნაწილი სამუშაო საათებს აქამდეც აღრიცხავდა და ახალი წესი მათ ყოველდღიურ საქმიანობას არ ცვლის. მაგრამ მათთვის, ვისაც ეს პრაქტიკა აქამდე არ ჰქონია, აღრიცხვის სიტემა დამატებით რესურსებს მოითხოვს. რაც შეეხება დასაქმებულებს, კანონის სწორად აღსრულების შემთხვევაში, ახალი წესი მათ შესაძლებლობას მისცემს, რომ დამატებითი საათები დააფიქსირონ და ანაზღაურება მოითხოვონ.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend