მთავარიკუბიფარული ჩანაწერები - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სასამართლოს განჩინებას ეხმაურებიან

ფარული ჩანაწერები – არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სასამართლოს განჩინებას ეხმაურებიან

ტელეკომპანია „TV პირველის“ ინფორმაციით, პროკურატურა ტელეკომპანიისგან იმ კონვერტისა და ელექტრონული მატარებლის წარდგენას ითხოვს, რომელთა საშუალებითაც, შესაძლოა, კომპანიისთვის ფაილები მიეწოდებინათ.

„TV პირველის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატუსში ჩანს ხელმოწერილი განჩინება.  განჩინებაში წითლადაა მონიშნული ფრაზა, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს უფლება აქვს, წინააღმდეგობის გაწევისას იძულების პროპორციული ზომა გამოიყენოს.

„ტელეკომპანია პირველის“ მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე კომპანიის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, რომ „TV პირველი“ მზადაა, გადასცეს საგამოძიებო უწყებას აუდიოფაილი, მაგრამ ამბობს, რომ ის დოკუმენტი, რომლის ამოღებასაც მოითხოვენ, არ არსებობს.

„დღეს დავიწყეთ აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ სასამართლოს ის უკანონო და არაკონსტიტუციური განჩინება, რომელიც გუშინ ჩაბარდა ტელეკომპანია „ტვ პირველს“, გასაჩივრდეს ქვეყნის შიგნით სასამართლოში, რადგან სანამ არსებობს ეს განჩინება და ის არის ძალაში, მანამდე აქვთ შესაძლებლობა ჩვენს სამართალდამცველ ორგანოებს, მოვიდნენ „ტვ პირველში“იმ ნივთის იძულებით ამოსაღებად,  რომელიც ფიზიკურად არ არსებობს და რომც არსებობდეს, ტელევიზია მაინც არ აპირებს ამის გადაცემას საგამოძიებო ორგანოებისთვის. განჩინება კარგად წარმოაჩენს გამოძიების სულისკვეთებას, მათ ჩანაწერის შინაარსი არ აინტერესებთ. ამ განჩინებაში არ არის მოთხოვნილი აუდიოფაილი, არამედ მიზანმიმართულად ითხოვენ სწორედ იმ მოწყობილობას, რომელზეც, შესაძლებელია, ყოფილიყო ფაილი ჩაწერილი, ანუ მათ აინტერესებთ სწორედ ფაილის წარმომავლობა“, – ამბობს გიორგი მშვენიერაძე.

 
საქართველოს პროკურატურამა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ, რომ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა პროკურატურა აპირებს ტელევიზიაში შეჭრას, არის სიცრუე და მიზანმიმართულად ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

„10 მარტს, აღნიშნული განჩინების ტელეკომპანიისთვის ფოსტის საშუალებით მიწოდებამდე, საქართველოს პროკურატურის მხრიდან ტელეკომპანია „TV პირველის“ ერთ-ერთ თანამშრომელთან შედგა სატელეფონო კომუნიკაცია, რა დროსაც განემარტა, რომ სასამართლოს განჩინება შესასრულებლად გაეგზავნებოდათ ფოსტის საშუალებით და მათთვის მისაღები ფორმით, მათთვის მისაღებ დროსა და ადგილას გამოძიებისთვის მოეწოდებინათ განჩინებით მოთხოვნილი მასალები. აღნიშნულზე მათ გამოთქვეს გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნა“, — ვკითხულობთ გამოქვეყნებულ სტატუსში.

განცხადება გაავრცელა თბილისის საქალაქო სასამართლომაც. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დათქმა იძულების პროპორციული ზომების გამოყენების შესახებ წარმოადგენს სტანდარტულ ფორმას, რომელიც სხვა ანალოგიურ განჩინებებში ეთითება და არანაირი განსხვავებული წესი ამ შემთხვევაში არ გამოყენებულა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ საშიშ პრეცედენტს უწოდებს საქალაქო სასამართლოს განჩინებას.

„აღნიშნული განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს და საერთაშორისო სამართლით დადგენილ გამოხატვის თავისუფლებისა და კონფიდენციალური წყაროს გარანტიებს, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მედიის საქმიანობას და მედიის წინააღმდეგ სამართალდამცავი და სასამართლო სისტემის ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით გამოყენების ეჭვებს აჩენს“, — ვკითხულობთ სტატუსში.

ორგანიზაცია „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ წერს, რომ ჩნდება მედიის პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნედ ქცევის საფრთხე.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50 -ე მუხლის თანახმად, ჟურნალისტი არ შეიძლება იყოს მოწმე თავისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჟურნალისტებზე ზემოქმედების ნებისმიერი ნაბიჯი აღიქმება, როგორც  ინფორმაციის წყაროს გამჟღავნების მცდელობა“, — ნათქვამია სტატუსში.

საკითხს ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც:

„სასამართლოს განჩინება, რომელიც ტელეკომპანია „TV პირველში“ დოკუმენტების ამოღების ჩატარების შესახებ გაიცა, დაუსაბუთებელია და  ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალს.“

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend