ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ქართულ ენაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა დაბალია. ადგილობრივი მოსახლეობის, დანარჩენ საქართველოსთან ინტეგრაციისთვის კი, პროცესების მიმართ ინფორმაციის სწორად ფლობა, აუცილებელი პირობაა. იმისათვის, რომ მოქალაქეებმა ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს, ფართო დისკუსიას, არასამთავრობო ორგანიზაციები მართავენ. პარლამენტში შექმნილ საარჩევნო ცვლილებების სამუშაო ჯგუფის მონაწილე ორგანიზაციამ – „მრავალფეროვანი საქართველო“, ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართა. „მრავალფეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ პროცესებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი არასამთავრობოების ჩართვა მნიშვნელოვანია.
„მათი ჩართულობა ამ განხილვებში უმნიშვნელოვანესია, რადგან რეგიონებში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ორგანიზაციებს, ნაკლებად მიუწვდებათ ხელი, ცენტრალურ დონეზე მიმდინარე სამუშაო ფორმატებზე. ჩვენ, როგორც საარჩევნო რეფორმის ჯგუფის მონაწილე მხარე, ვაწვდით მათ დეტალურ ინფორმაციას. ჩვენგან, როგორც პირველწყაროსგან მიღებული ცნობები, მათ გამოადგებათ ადგილობრივი მოსახლეობის სწორად ინფორმირებისთვის, რათა მოსახლეობამ ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს,“ – განაცხადა „მრავალეროვანი საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრა კალატოზიშვილმა.
შეხვედრის მონაწილე, ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიღებულ ინფორმაციას, თავიანთ პლატფორმებსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებზე, აქტიურად გაავრცელებენ.
„პირველ რიგში, ეთნიკური უმცირესობების ინტერესებში შედის, მათთვის გასაგებ ენაზე მიიღონ სწორი ინფორმაცია დაგეგმილი ცვლილებების შესახებ. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველა ორგანიზაცია მაქსიმალურად გავავრცელებთ ამ ინფორმაციას,“ – თქვა ორგანიზაცია „ავანი – ეთნიკური დაღესტნელების“ წარმომადგენელმა ალი ალიევმა.
ორგანიზაცია „მრავალფეროვანი საქართველო“ კოლეგა ორგანიზაციების მიერ გაჟღერებულ რეკომენდაციებს, საარჩევნო რეფორმის ჯგუფს გააცნობენ. მიზანი საქართველოს ყველა რეგიონის მოსახლეობის მოსაზრებების კანონმდებლობაში ასახვაა. საარჩევნო რეფორმის განხორციელების შემთხვევაში, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობისა და ყოველი მომდევნო არჩევნები, შეცვლილი კანონდებლობით გაიმართება.
ალეკო გვეტაძე