მთავარი ამბები "მზად ვართ, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმი"-ირაკლი ღარიბაშვილი

“მზად ვართ, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმი”-ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება მზადაა, დიალოგი კონსტუქციულ რეჟიმში განაგრძოს.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მმართველი გუნდი სრულად იზიარებს ევროპული საბჭოს რეკომენდაციებსა, რომ პოლიტიკურმა მხარეებმა რაც შეიძლება მოკლე დროში გამონახონ საერთო ენა. რაც შეეხება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტს, პრემიერის შეფასებით, მოლაპარაკებების პროცესში მისი ჩართულობა პროცესების კონსტრუქციულად წარმართვას შეუწყობს ხელს.

„15-17 მარტს მივემგაზავრებით ბრიუსელში, რომლის ფარგლებში დაგეგმილი გავქვს მაღალი დონის შეხვედრები როგორც ევროკომისიაში, ასევე ევროპულ საბჭოში და ნატო-ში. 16 მარტს გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 სხდომა, რომელზეც წარმოვაჩენთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან პროგრესსა და წინსვლას არაერთი მიმართულებით რეფორმების განხორცელების საქმეში. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და აღვნიშნო, რომ დიდად ვაფასებთ მის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის მიმართ.

რაც შეეხება პრეზიდენტ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელის ბატონ კრისტიან დანიელსონის ვიზიტს საქართველოში, მივესალმებით მის ჩამოსვლას და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობას. დარწმუნებული ვართ, მისი მონაწილეობა პროცესების კონსტრუქციულად წარმართვას შეუწყობს ხელს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ მზად ვართ, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმი და სრულად ვიზიარებთ ევროპული საბჭოს რეკომენდაციებსა და რჩევას, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ რაც შეიძლება მოკლე დროში გამოვნახოთ საერთო ენა და მივაღწიოთ შეთანხმებას იმისთვის, რომ პარლამენტმა ნორმალური მუშაობა დაიწყოს და ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიხელმძღვანელოთ ქართველი ხალხის და სახელმწიფოს ინტერესებით“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

უახლესი

სხვა ამბები