მთავარი საქართველო დებატები ევროპარლამენტში

დებატები ევროპარლამენტში

ევროპარლამენტში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ დებატები გაიმართა. მოხსენება ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა წაიკითხა. ევროპარლამენტარების შეფასებით, საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნადაა გაუარესებული. მათივე თქმით, პოლიტიკურმა ძალებმა კონფრონტაციის ნაცვლად კონსენსუსი უნდა აირჩიონ.

 
ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების განახლების აუცილებლობა, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის საქართველოში დანიშვნა, „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის“, ნიკა მელიას დაკავება – ეს იყო ის ძირითადი თემები, რომლებიც დიპლომატებმა ევროპარლამენტის სესიაზე განიხილეს. მოხსენებაზე სიტყვით ოცი ევროპარლამენტარი გამოვიდა. სხდომას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.

„ევროპარლამენტში ცხრა მარტს გამართული დებატების დროს, ორი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ის, რომ ყველა მხარს უჭერს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ძირითადად გამოიკვეთა, რომ ევროპელი კოლეგებიც კრიზისიდან გამოსავლის მთავარ გზად სწორედ რიგგარეშე არჩევნებს მიიჩნევენ“, – თქვა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

„ევროპელი პარტნიორების მონაწილეობა იზრდება და ის არ შესუსტდება, როგორც ამას „ქართული ოცნება“ იმედოვნებს“, – აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლელა ქებურიამ.

ევროპარლამენტში საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების შესახებ დებატები 9 მარტს გაიმართა. მოხსენებაზე სიტყვით გამოვიდა საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი. ევროპელმა დიპლომატმა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკების გაგრძელება აუცილებელია, რადგან არსებული ვითარება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას აფერხებს.

„ევროპარლამენტის წევრებო, საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი სახელმწიფოა. ჩვენ საქართველოსთან  ასოცირების შესახებ ამბიციური შეთანხმება გვაქვს გაფორმებული. ამ შეთანხმებით საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური დაახლოებისა და ინტეგრაციის შესაძლებლობა აქვს. სამწუხაროდ, საქართველოში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები შეშფოთების საფუძველს იძლევა. საქართველოში ბოლო თვეების მანძილზე პოლიტიკური პოლარიზაციის  პრობლემა არსებობს. არსებული მდგომარეობა საქართველოში დემოკრატიას უქმნის საფრთხეს“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.

ევროპარლამენტში გამართულ დებატებს მმართველ პარტიაშიც გამოეხმაურნენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ევროპელი კოლეგების ძირითადი მოწოდება საქართველოში პოლიტიკურ მხარეებს შორის დიალოგის წარმოებაა.

„გუშინ ევროპარლამენტში გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი დებატები. დებატები, რომელშიც მონაწილეობდნენ ადამიანები, რომლებსაც გული შესტკივათ საქართველოზე. რა თქმა უნდა, ზოგიერთი განცხადებები პოლიტიკური სუბიექტურობით იყო გამსჭვალული, მაგრამ მთავარია, რომ ყველა ეს ადამიანი ამბობს, რომ საქართველოში უნდა შედგეს დიალოგი. მე რაც ამოვიკითხე და დავინახე საერთო პათოსი, ეს იყო ის, რომ ევროპის სახელით საქართველოში რევანში ვერ შედგება. ეს არის ფაქტი“, – თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა.

ბრიუსელში 16-17 მარტს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მორიგი შეხვედრაა დაგეგმილი. ევროპელი დიპლომატები იმედოვნებენ, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესში გარკვეული პროგრესი იქნება.

 

ანა ალელიშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

დებატები ევროპარლამენტშიდებატები ევროპარლამენტში