მთავარიევროპაიტალიაპირველი მატარებელი-კლინიკა ევროპაში

პირველი მატარებელი-კლინიკა ევროპაში

პირველად ევროპაში, იტალიაში, მატარებელი ინტენსიური თერაპიის საწოლებით აღჭურვეს. მატარებელში კოვიდპაციენტებს ადგილზეც მკურნალობენ და საჭიროების შემთხვევაში მათ ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფენ იტალიის სხვადასხვა ქალაქის იმ კლინიკებში, რომლებიც ნაკლებად გადატვირთულია კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებით. იტალიის რკინიგზაში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტების დახმარებით, რკინიგზის ინფრასტრუქტურას ვაქცინაციის ცენტრების მოსაწყობადაც გამოიყენებენ.

კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისას დროულად გადაგმული ნაბიჯები ყველაზე მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საავადმყოფოები თითქმის გადავსებულია, კლინიკების რკინიგზაზე მოწყობა  ერთ-ერთი საუკეთესო გზაა სწრაფი რეაგირებისთვის.  ინტენსიური თერაპიისთვის საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყოფილ მატარებელში პაციენტებს მიიღებენ და  უმკურნალებენ, მძიმე პაციენტებს კი სხვა რეგიონებში გადაიყვანენ.

 

იტალიის რკინიგზის აღმასრულებელი დირექტორი ჯანფრანკო ბატისტი აცხადებს, რომ მატარებელში ყველანაირი აღჭურვილობაა და 21 პაციენტის განთავსებაა შესაძლებელი. მატარებელში მხოლოდ კოვიდპაციენტებს არ მიიღებენ. იტალიის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სააგენტოსა და წითელ ჯვარს მისი გამოყენება სხვადასხვა დანიშნულებითაც შეუძლიათ. ჯანფრანკო ბატისტის თქმით,  ევროპაში ასეთი მატარებელი პირველია და მას მთელი კონტინენტის მასშტაბით შეუძლია გადაადგილება.

თვითმფრინავების შემდეგ მალე მატარებლითაც იქნება შესაძლებელი  უსაფრთხოდ გადაადგილება. ამისთვის კი მზგავრებს კორონავირუსის ტესტის ჩატარება მატარებელში ჩასხდომამდე მოუწევთ.

ჯანფრანკო ბატისტი აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად იტალიის სახელმწიფო რკინიგზის სამსახური, მუნიციპალიტეტებთან ერთად, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასაც გამოიყენებს,  ზაფხულისთვის კი ისინი ტურისტულ ქალაქებშიც შესთავაზებენ მოგზაურობას.

რომში, იტალიის რკინიგზაზე, ყველაზე დატვირთული სადგურის საპარკინგე სივრცეში, წითელი ჯვრის დამხარებით, რკინიგზის ვაქცინაციის პირველი ცენტრი მოეწყო. აქ იტალიის წითელი ჯვრის წარმომადგენლებს დღეში 2000 ადამიანის აცრა შეუძლიათ. წითელ ჯვარში აცხადებენ, რომ, თუ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოეწყობა მსგავსი პუნქტები, ვაქცინაციის პროცესი დაჩქარდება.

იგნასიო შინტუ იტალიის წითელი ჯვრის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის უფროსია. მისი განცხადებით, რაც მათ ლაციოში გააკეთეს, ხელს შეუწყობს ვაქცინაციის პროცესს.

პანდემიასთან ბრძოლის დროს ყველა რესურსის გამოყენება ახალი მთავრობის ერთგვარი ნიშანი გახდა. იტალიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, გაიზარდოს ვაქცინაციის ცენტრების რაოდენობა, რათა თითოეული იტალიელის აცრა შეძლონ და ამ გზით დაამარცხონ კორონავისუსის პანდემია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend