მთავარიCOVID-19ქალი მეცნიერები კორონავირუსის წინააღმდეგ

ქალი მეცნიერები კორონავირუსის წინააღმდეგ

რა როლი აკისრიათ ქალებს პანდემიასთან ბრძოლაში? კვლევების თანახმად, ჯანდაცვის სექტორში უფრო მეტი ქალი მუშაობს, ვიდრე კაცი. ქალები ასევე აქტიურად არიან ჩართული ვირუსთან დაკავშირებულ სამეცნიერო კვლევებში.  ექსპერტების აზრით, იმის გამო რომ ბავშვის აღზრდა ხშირ შემთხვევაში ქალებს უწევთ, ეს მათ კარიერულ განვითარებასა და ხელფასზე ახდენს გავლენას.

პანდემიის დროს ქალები ბრძოლის წინა ხაზზე იყვნენ. ჯანდაცვის სექტორში ბევრი ქალი მუშაობს,  ისინი  სამეცნიერო კვლევებშიც იღებენ მონაწილეობას.

პროფესორი კატალინ კარიკო რნმ-ს იკვლევს. მისმა აღმოჩენებმა კორონავირუსის ვაქცინის შექმნას შეუწყო ხელი. მიუხედავად იმისა, რომ მისი კვლევით სამეცნიერო წრეებში დიდად არ ინტერესდებოდნენ, იგი მაინც აგრძელებდა მუშაობას.

„პენსილვანიის უნივერსიტეტში მუშაობა 1989 წელს დავიწყე. მე მინდოდა, რნმ მკურნალობისთვის გამომეყენებინა. იმ დროს გენეტიკური თერაპია იყო პოპულარული და ყველა დნმ-ს იკვლევდა. თავს შავ ცხვრად ვგრძნობდი“ – აცხადებს „ბიოენტექის“ ვიცე-პრეზიდენტი კატალინ კარიკო.

 

კატალინის აღმოჩენებმა ხელი შეუწყო „ბიოენტექ-ფაიზერის“ ვაქცინის შექმნას. იგი არ არის ერთადერთი ქალი, რომელიც ვირუსის წინააღმდეგ იბრძვის. ექიმი კაპობიანჩი ხელმძღვანელობს 50-კაციან გუნდს, რომელმაც პირველად შეძლო ვირუსის იზოლაცია.

„ჩვენ გამოვყავით ვირუსი პირველი იტალიელი პაციენტისგან. ეს იყო მხოლოდ დასაწყისი“ – აცხადებს ვიროლოგი მარია როზარია კაპობიანჩი.

ორივე მეცნიერი თანხმდება, რომ მათი სამეცნიერო კარიერის განვითარებისთვის ყველაზე დიდი დაბრკოლება დედობა იყო.

„როდესაც დედა გავხდი, ჩემს კარიერას საფრთხე შეექმნა. ძალიან რთული იყო, ერთმანეთისთვის შემეთავსებინა ლექტორობა, კვლევა და მშობლის მოვალეობების შესრულება. თუმცა ეს მაინც შევძელი“, – ამბობს ვიროლოგი მარია როზარია კაპობიანჩი.

ეს გამოცდილება ბევრი ქალისთვისაა ნაცნობია. შვილის გაჩენა ხშირად უშლის ხელს კარიერის განვითარებას, რაც ხელფასების კლებაშიც გამოიხატება.

„ხშირ შემთხვევაში ქალები შვილს მაშინ აჩენენ, როდესაც კარიერის პიკში იმყოფებიან. შესაბამისად, მათი პროფესიული განვითარება იზღუდება. ისინი მინის ჭერს ეჯახებიან. ამ პრობლემას ჩვენ ევროპარლამენტში განვიხილავთ. აუცილებელია, რომ არსებობდეს დეკრეტული შვებულება კაცებისთვის, რათა მათაც მიიღონ მონაწილეობა ბავშვის აღზრდაში. ასევე საჭიროა, რომ სამუშაო გრაფიკი დედებისთვის უფრო მოქნილი გახდეს“ – აცხადებს ევროპარლამენტარი სიუზანა სოლისი.

ევროკავშირში მეცნიერებისა და ინჟინრების 40 პროცენტი ქალია. ევროპარლამენტარების განცხადებით, საჭირო რეფორმების გატარების შემთხვევაში ეს განსხვავება კიდევ უფრო შემცირდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend