უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მეტად გამოიყენონ პირბადე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, რადგან ეს ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით 9 მარტს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენცია და შედეგები განიხილეს.
სხდომაზე აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და დაწესებული შეზღუდვების უმეტესობის შემსუბუქება მოდუნების საფუძველი არ უნდა გახდეს. ამიტომ პირბადის სწორად ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა უაღრესად მნიშვნელოვან პრევენციულ ღონისძიებებად რჩება.
ხაზგასმით ითქვა, რომ მოქალაქეებმა აუცილებელია გამოიჩინონ დიდი პასუხისმგებლობა, რადგან ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფა ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელებას და ისევ საჭირო იქნება მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესება.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 მარტიდან შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი ამოქმედდა. კერძოდ, სამთო კურორტებზე ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით განახლდა საბაგიროების მუშაობა, რესტორნებს შიდა სივრცეებში მუშაობის ნება დართეს, არასასურსათო საცალო სექტორს კი შაბათ-კვირას ვაჭრობის უფლება მიეცა. ამ ეტაპზე ძალაში რჩება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე დაკვირვებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს დეტალური ანალიზის საფუძველზე მიიღებს.
საბჭომ 9 მარტის სხდომაზე იმსჯელა ვაქცინის ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებზე, ასევე საერთაშორისო პარტნიორებსა და მწარმოებლებთან მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე. პრემიერ-მინისტრის დავალებით, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, როგორც უშუალოდ ვაქცინის მწარმოებლებთან, ისე პარტნიორ სახელმწიფოებთან, რათა ქვეყანაში ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება მალე შემოვიდეს.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 273 137 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 267 015 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3 601 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 252 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 114 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 1 383 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.