მთავარი ამბები ნათია თურნავა: „არავინ ამბობს რომ ელექტროენერგიით ვაჭრობა უნდა შეწყდეს. ჩვენი მომავალი ეკონომიკური...

ნათია თურნავა: „არავინ ამბობს რომ ელექტროენერგიით ვაჭრობა უნდა შეწყდეს. ჩვენი მომავალი ეკონომიკური განვითარება დამოკიდებული გახდება მეზობელი ქვეყნების ნება-სურვილზე”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია თანხმდება, რომ უახლოეს 10 წელიწადში საქართველოს ენერგომოხმარება  ფაქტობრივად გაორმაგდება.

ამის შესახებ საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის მინისტრმა  ნათია თურნავამ 9 მარტს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა.

„ეს ნიშნავს, რომ უნდა გადავწყვიტოთ, შემდგომ 10 წელიწადში საიდან ვიღებთ დამატებითი 32 მლრდ კვსთ ენერგიას – სწორედ ამდენი დაგვჭირდება დამატებით, რომ უზრუნველვყოთ ეკონომიკის და ცხოვრების დონის ზრდა და იქნება თუ არა ეს ენერგია არსებითად წარმოებული ჩვენს საკუთარ ჰიდროსადგურებზე (და, შესაბამისად, დარჩება თუ არა ქვეყანაში დაახლოებით 1.6 მილიარდი დოლარი, რაც არის ამ მოცულობის მიახლოებითი ღირებულება), თუ მოსახლეობის მიერ გადახდილი ეს ფინანსური რესურსი გავა ქვეყნის გარეთ იმპორტის შესაძენად და შესაბამისად, მოხმარდება რომელიმე ჩვენი მეზობელი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, –  განაცხადა ეკონომისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, კიდევ ერთი ალტერნატივა არსებობს – ჰიდროსადგურების ნაცვლად, დამატებით დაახლოებით 1000 მეგავატის სიმძლავრის ბუნებრივ აირზე მომუშავე თბოსადგურების აშენება, რაც 10 წელიწადში დამატებით 900 მლნ დოლარის ღირებულების გაზის იმპორტს მოითხოვს. თუმცა, როგორც ეკონომიკის მინისტრი აღნიშნავს, ამ შემთხვევაში ამ თანხით საქართველოს მეზობელი სახელმწიფოების გაძლიერებას მოხმარდება.

„არავინ ამბობს რომ ელექტროენერგიით ვაჭრობა უნდა შეწყდეს. მაგრამ შემაშფოთებელია, თუკი ჩვენი მომავალი ეკონომიკური განვითარება ასეთი დიდი და მზარდი დოზით დამოკიდებული გახდება ჩვენი მეზობელი ქვეყნების ნება-სურვილზე, მაგალითად, ჩვენი მოსახლეობისთვის მიწოდებული დენის ფასი დამოკიდებული იქნება რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის ეკონომიკურ ვითარებაზე და ენერგოპოლიტიკაზე, ანუ იმპორტული ენერგორესურსების ფასებზე. ეს ასევე ნიშნავს, რომ კრიტიკულ შემთხვევაში, ჩვენი ენერგოსისტემის ავარიული გამორთვისას, ჩვენ დამოუკიდებლად ვერ შევძლებთ მომხმარებლების ელექტრომომარაგებას ერთი საათის განმავლობაშიც კი“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

 

უახლესი

სხვა ამბები