ქალთა უფლებების ხელყოფა, ხშირ შემთხვევაში განათლებას უკავშირდება. საქართველოში მოსწავლეები სქესობრივი ცხოვრების შესახებ, სკოლაში თითქმის ვერაფერს იგებენ. ეს შემთხვევითი ხალხის საქმე ხდება და ახალგაზრდები მოარული სტერეოტიპების მსხვერპლი ხდებიან. ამიტომაც ხშირად არა აქვთ ინფორმაცია საკუთარი უფლებებისა და ჯანმრთელობის შესახებ.
სანამ ევრონიუს ჯორჯიას კითხვას მოისმენდნენ, ქუჩის გამოკითვაში ახალგაზრდები სიამოვნებით გვთანხმდებოდნენ კომენტარზე. მაგრამ მას შემდეგ რაც ამ კითხვას იგებდნენ მათი უმეტესობა, პასუხზე უხერხულად ამბობდა უარს. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც სიამოვნებით გვიზიარებდნენ თავიანთ სათქმელს. კითხვა კი ზოგადად, ასეთი იყო – როდის გაიგეს ბავშვი როგორ იბადება?
„ალბათ უმეტესობას ინფორმაცია უფრო ინტერნეტიდან აქვს, იმიტომ რომ სხვაგვარად, არც ვიცი როგორ უნდა მოიპოვონ. მე პირადად მიკითხავს ოჯახში ამის შესახებ და პასუხი გაუციათ…“-ამბობს ახალგაზრდა გოგონა, ქუჩის გამოკითხვიდან.
„ჩემი აზრით, სექსუალური განათლება სკოლებში გარკვეული ასაკიდან აუცილებელიც კი არის. იმის გამო რომ ახალგაზრდამ აკრძალული საიტებიდან არ მიიღოს არასწორი განათლება, სასურველია სკოლაში სპეციალისტის დახმარებით გავიგოთ ყველაფერი. მე უნივერსიტეტში მივიღე სექსუალური განათლება. რა თქმა უნდა, თეორიულს ვგულისხმობ და არა პრაქტიკულს და საკმაოდ წინ წავიწიე სექსოლოგიის ცოდნაში, როგორც მეცნიერებაში“, -ამბობს ერთ-ერთი ახალგაზრდა.
„ეს ყველაფერი ინსტინქტებზეა დამყარებული, თავის დროზე როცა გაიზრდება და სრულფასოვან ადამიანად ჩამოყალიბდება, მიხვდება რა დროს როგორ და რანაირად უნდა მოიქცეს. სკოლაში „ნაღდად“ არ უნდა ისწავლებოდეს მსგავსი რაღაც”,- ამბობს ერთ-ერთი გამვლელი.
სკოლებში სქესობრივ განათლების შესახებ თითქმის არავინ საუბრობს. პედაგოგების ნაწილი შესაბამისი ინფორმაციის გაზიარების ნაცვლად, ხშირად დუმილს არჩევს. განათლების სპეციალისტების აზრით, სქესობრივი განათლება დაწყებითი კლასებიდანვე უნდა იყოს:
„ეს ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ამიტომ მოსწავლეები ამისთვის მზად უნდა იყვნენ. სამწუხაროდ, ჩვენ მხოლოდ ოჯახებზე დამოკიდებული ვერ ვიქნებით, რადგან ვხედავთ ამ მიმართულებით უფროს თაობაშიც რა სახის განათლებაა და რამდენი პრობლემაა“,-ამბობს განათლების ექსპერტი რეზო აფხაზავა
ქალთა მოძრაობის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ სქესობრივი განათლება ქალებისთვის იარაღია, დაიცვან საკუთარი უფლებები.
„როდესაც სექსუალურ განათლებაზე საუბარისას ჩნდება წინააღმდეგობა, რომ ეს რაღაცის პროპაგანდაა ეს იმას ნიშნავს, რომ შემდგომში მოხდება ძალადობის შემთხვევები და ამაზე პასუხისმგებლობას არავინ აიღებს. სკოლა არის ერთ-ერთი გზა რისი საშუალებითაც ახალგაზრდებს ამ ინფორმაციას მივაწოდებთ, უბრალოდ ამ ქვეყანაში სხვა საშუალება არ არსებობს. ინფორმაცია განათლების გზით უნდა მიდიოდეს მათთან და არა ქუჩიდან ან მეგობრებისგან“, – ამბობს ქალთა მოძრაობის წევრი იდა ბახტურიძე.
საქართველოში, მოქალაქეების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ მომხრეა სქესობრივი განათლების თემას ტაბუ ედოს. ამ ტაბუს მიღმა კი უამრავი პრობლემა იმალება.