მთავარი საქართველო "ცვლილებების დროა" - ქალთა მოძრაობა "#მომისმინე“

“ცვლილებების დროა” – ქალთა მოძრაობა “#მომისმინე“

„შენი შვილის გამო, ჩვენი გოგონების გამო“, – ასეთია „ათასი მშობლის მარშის“ ერთ-ერთი მთავარი გზავნილი. აქცია-მსვლელობა დღეს, 8 მარტს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა. მის ორგანიზატორებს რამდენიმე მთავარი მოთხოვნა აქვთ. მათ შორისაა, პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტის შექმნა, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს გამოიძიებს. ასევე პროტესტის მონაწილეები ითხოვენ სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობის გაზრდას, რათა ძალადობის მსხვერპლი ბავშვები დახმარების გარეშე არ დარჩნენ.

კამპანია „#მომისმინე“ ქალთა მოძრაობის ინიციატივაა. ის მშობელს, ახალგაზრდას, სამოქალაქო აქტივისტსა და ყველა იმ პირს აერთიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ ცვლილებების დროა. კამპანია ქალებისა და გოგოების მიმართ სქესობრივ ძალადობას უპირისპირდება. ასდღიანი კამპანიის მიზანი სქესობრივ დანაშაულებთან ბრძოლაა.


„ათასი მშობლის მარში არის ერთ-ერთი ღონისძიება, რომელიც პროტესტის ასი დღის ფარგლებში გაიმართა. ეს პროტესტი, ზოგადად, სქესობრივი ძალადობის წინააღმდეგი მიმართული პროტესტია. გვინდა, რომ ყველა ბავშვი და ყველა ქალი სქესობრივი ძალადობისგან იყოს დაცული, მაგრამ იმისთვის, რომ ეს ადამიანები იყვნენ დაცულები, ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების გატარება“, – განაცხადა კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ.

ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია, ამბობს, რომ კონკრეტული რეფორმების გატარებას დიდი ხანია მოითხოვენ. მაგალითად, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების დამატებას. ასევე რეფორმას განათლების სისტემაში, რომ ბავშვი უფრო ინფორმირებული იყოს, რათა საკუთარი თავის დაცვა შეძლოს.

„დღეს ბავშვები ვერ აცნობიერებენ, რასთან აქვთ საქმე, ვერ ხვდებიან ვის უნდა მიმართონ საშველად და ძალიან ადვილად შინდებიან მოძალადეების მხრიდან და ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, მოგვარება სჭირდება და მთელი მთავრობის ერთად მუშაობა“, – თქვა კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ.

„ათასი მშობლის მარში“ 14 წლის ქობულეთელი ნინის ტრაგედიის შემდეგ დაიგეგმა. საქართველოს პროკურატურამ ახალგაზრდა მამაკაცს ბრალდება ორი მუხლით უკვე წარუდგინა. მას 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავებიან.

„აქციაზე იმიტომ მოვედით, რომ ყველას მოეხსენება, როგორი გახშირებულია სექსუალური ტიპის ძალადობა, განსაკუთრებით ბავშვებზე“;

„აქციაზე იმიტომ მოვედით და აქცია იმიტომ დაორგანიზდა, რომ სახელმწიფოს ვანახოთ, სექსუალური ძალადობა, სექსუალური ხასიათის მოქმედებები, რომლებიც ახალგაზრდა გოგონების მიმართ ხორციელდება, ამას სისტემური ხასიათი აქვს და გვჭირდება შეცვლა“;

„მე, როგორც დედამ, საჭიროდ ჩავთვალე, რომ დღევანდელ დღეს აქ მოვსულიყავი. იმიტომ, რომ ეს ჩვენი შვილების ხვალინდელი დღის ნორმალურობის უზრუნველყოფაა“, – თქვეს აქციის მონაწილეებმა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, სექსუალური ძალადობა გენდერული ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე, დაფარულ და დაუსჯელ ფორმად რჩება. 2021 წლის იანვრის მონაცემებით, სექსუალური ძალადობის შემთხვევები წინა წელთან შედარებით 5%-ითაა გაზრდილი. ქალთა უფლებადამცველები კი ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია იმ ტაბუს მოცილება სქესობრივი ძალადობისათვის, რომელიც უამრავ მსხვერპლს აჩუმებს…

1000 მშობლის მარში – ფოტორეპორტაჟი

  • აქცია მარში მშობელი სექსუალური განათლება

 

ანა ალელიშვილი

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე

უახლესი

სხვა ამბები

ქალთა მოძრაობაქალთა მოძრაობა