მთავარი ამბები „ჰერითიჯის ფონდი“ - საქართველო მეწარმის მიმართ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კეთილგანწყობილი ქვეყანაა

„ჰერითიჯის ფონდი“ – საქართველო მეწარმის მიმართ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კეთილგანწყობილი ქვეყანაა

„ჰერითიჯის ფონდმა“ 2021 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში  საქართველო მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპის რეგიონში მე-7 ყველაზე თავისუფალ ეკონომიკად დაასახელა. ანგარიშის მიხედვით, საქართველო მეწარმის მიმართ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კეთილგანწყობილი ქვეყანაა, თუმცა ჯერ კიდევ პრობლემებად რჩება სასამართლოს საქმიანობაში ხელსუფლების ჩარევა.

ეკონომიკური თავისუფლების ახალ ინდექსში საქართველო 77.2 საერთო ქულით შეფასდა და ინდექსის უმეტესწილად თავისუფალი ეკონომიკების ჯგუფში დაიკავა ადგილი. 2020 წლის ინდექსთან შედარებით, მიმდინარე საანგარიშო წელს საქართველოს მონაცემები რეიტინგის 5 კომპონენტში გაუმჯოებესდა. მათ შორის არის: სასამართლოს ეფექტიანობა (59.3 ქულა), საგადასახადო ტვირთი (89.1 ქულა), სამთავრობო ხარჯები (76.9 ქულა), ფისკალური თავისუფლება (94.9 ქულა) და შრომის თავისუფლება (76.7 ქულა).

საქართველოსთვის მინიჭებული ქულა მნიშვნელოვნად აღემატება როგორც ევროპის რეგიონის, ისე სრულიად მსოფლიო მასშტაბით გამოყვანილ საშუალო მონაცემს.  საქართველო ევროპაში ეკონომიკური თავისუფლების კუთხით უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა: ჰოლანდია, ფინეთი, ლუქსემბურგი, შვედეთი, ავსტრია, ჩეხეთი, ნორვეგია, გერმანია, ლატვია, ლიტვა, ბელგია, ესპანეთი, უნგრეთი, პორტუგალია, სლოვენია, საფრანგეთი, იტალია, ხორვატია, პოლონეთი, ა.შ., ხოლო მსოფლიო მასშტაბით საქართველომ შეძლო ეკონომიკური თავისუფლების ხარისხით უკან ჩამოეტოვებინა აშშ-იც, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-20 ადგილზეა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მრავალწლიანი რეფორმების შედეგად, შესაძლებელი გახდა კორუფციის დონის შემცირება, რეგულაციების შერბილება და გადასახადების გამარტივება. სწორედ ამ კომპონენეტებმა განაპირობეს ქვეყნის წინსვლა ეკონომიკური თავისუფლების ყველა ასპექტში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ რეგულაციების ეფექტიანობის კუთხით საქართველო წარმოადგენს მეწარმის მიმართ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კეთილგანწყობილ ქვეყანას. რაც შეეხება ღია ბაზარს,  საქართველოს  13 მოქმედი შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმი აქვს. აღნიშნულია, რომ ქვეყანაში იზრდება საბანკო/ფინანსური სექტორი და უმჯობესდება წვდომა დაფინანსებაზე, თუმა სასოფლო-სამეურნეო მიწბეის ფლობაზე უცხოელებს გარკვეული შეზღუდვები აქვთ.

სამთავრობო ხარჯების კომპონენტში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქვეყნის შეფასება. კერძოდ, სამთავრობო დანახარჯების წილი ბოლო სამი წლის განმავლობაში მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით შემცირდა, რაც ხაზს უსვამს მთავრობის ზომის შემცირებას. საგადასახადო ტვირთის თვალსაზრისით, საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც საგადასახადო ტვირთის წილი დაბალია, როგორც მთლიან შიდა პროდუქტში, ასევე მოგებისა და საშემოსავლო გადასახადთან მიმართებით.

რაც შეეხება სასამართლოს, ანგარიში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ კერძო საკუთრების რეგისტრაცია გააუმჯობესა, თუმცა გარკვეული პრობლემები მაინც რჩება აღსრულებასთან დაკავშირებით. თავად სასამართლოს რეფორმა მიმდინარეობს, მაგრამ სასამართლოს საქმიანობაში ხელისუფლების შტოს ჩარევა ისევ პრობლემად რჩება. გარდა ამისა, მთავრობას პროგრესი აქვს წვრილმანი კორუფციის აღმოფხვრის კუთხით, თუმცა მაღალჩინოსნების კორუფცია ჯერ ისევ შეინიშნება.

ფისკალური თავისუფლების ინდიკატორში ქვეყნის ვალის და დეფიციტის წილი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ბოლო სამი წლის განმავლობაში შემცირდა. შრომის თავისუფლების ინდიკატორი აფასებს დასაქმებულთა უფლებებს, დაქირავების და გათავისუფლების, სამუშაო დროის, შრომის ანაზღაურების, დასაქმების დონეს.

საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროს ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბიზნესის თავისუფლების კომპონენტის შეფასება ეფუძნება მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ რეიტინგს. თავის მხრივ, აღნიშნულ რეიტინგში საქართველოს შეფასება და პოზიციები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყოველწლიურად უმჯობესდება. „ჰერითიჯის“ „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ კი ქვეყნის ქულის შემცირება განაპირობა მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ რეიტინგში მსოფლიო საშუალო ქულის გაუმჯობესებამ, რომელსაც ეფარდება ქვეყნის ქულა.

„ჰერითიჯის“ ფონდმა ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიური ინდექსი 2021 წლის 4 მარტს გამოაქვეყნა. აღნიშნული ანგარიში 27 წელია გამოიცემა და ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ინდექსად ითვლება.

უახლესი

სხვა ამბები

ჰერითიჯის ფონდიჰერითიჯის ფონდი
Send this to a friend