მთავარი ამბები ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე სამუშაოდ სახელმწიფო კომისია იქმნება

ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე სამუშაოდ სახელმწიფო კომისია იქმნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, იქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე იმუშავებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირკალი ღარიბაშვილმა 4 მარტს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი გეგმის შემუშავება და წარმოდგენა. დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ საკითხს, რომელიც ეხება სახელმწიფო კომისიის შექმნას და ის იმუშავებს უახლოესი 3 თვის განმავლობაში ეკონომიკის განვითარების გეგმაზე და პირველ დოკუმენტს წარმოადგენს მაისის ბოლოს,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის მიხედვით, კომისიაში მონაწილეობას მიიღებს ყველა დაინტერესებული პირი, პარლამენტის შესაბამისი დარგობრივი კომიტეტების წარმომადგენლები და მაღალი დონის ექსპერტები. 

„ჩვენი ამოცანა იქნება, რომ რაც შეიძლება სწრაფად, თითოეული სექტორის, დარგის მიმართულებით დაიდოს კონკრეტული გრძელვადიანი განვითარების გეგმა, რა თქმა უნდა, ჩაშლილი – თითოეული წლის განმავლობაში სამოქმედო გეგმებით. მოგეხსენებათ, ოკუპაციის შემდეგ ალბათ რიგით მეორე გამოწვევა ჩვენი მოსახლეობისთვის არის ეკონომიკა, სიდუხჭირე, უმუშევრობა, სიღარიბე და სწორედ, ჩვენი ერთიანი ძალისხმევაც ამ მიმართულებით უნდა მივმართოთ. რა თქმა უნდა, ჩვენს მოსახლეობას ძალიან ბევრი პრობლემა აწუხებს, წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები, ეს არის ყველა მიმართულებით არსებული გამოწვევები და ჩვენი ერთიანი ძალისხმევით ძალიან სწრაფად, შემდგომი წლების განმავლობაში ამ პრობლემების გადაჭრაზე უნდა იყოს მიმართული ჩვენი მთავარი აქცენტი და არა უსაგნო, უშინაარსო პოლიტიკურ კინკლაობასა და ურთიერთდაპირისპირებაზე”,- განაცხადა პრემიერმა.

უახლესი

სხვა ამბები