მთავარიევროპაავსტრიავენაში ტერაქტის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრები კომპენსაციას ითხოვენ

ვენაში ტერაქტის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრები კომპენსაციას ითხოვენ

ტერაქტიდან ოთხი თვის შემდეგ ვენის ცენტრში კვლავ გლოვაა, მაგრამ ამ გლოვას თან ბრაზი ახლავს.  ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახის წევრები ავსტრიის მთავრობისგან კომპენსაციას მოითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ საიდუმლო სამსახურმა შეცდომები დაუშვა. პირველ სატელევიზიო ინტერვიუში ერთ-ერთი დაზარალებული მამის სიკვდილის ამბავს ყვება.

“როცა გასროლის ხმა გაიგო, მამა დამალვას ცდილობდა, ის კარის ჩაკეტვას ცდილობდა. ტერორისტებმა მისი მოძრაობა შენიშნეს, რადგან ჩვენ შუშის კარები გვაქვს და პირდაპირ დამიზნებით ესროლეს. მამა სწორედ მაშინ გარდაიცვალა”,- ამბობს ერთ-ერთი დაღუპულის შვილი ვენდი

 
ვენდის ადვოკატი, რომელიც ასევე დანარჩენი 16 დაზარალებულის წარმომადგენელიცაა,  1.5 მილიონიანი საკომპენსაციო ფონდის შექმნას ითხოვს. საჭიროების შემთხვევაში, ერთობლივ სარჩელსაც მოამზადებს.

„დაზარალებულები ბიუროკრატიით დააბნიეს. უამრავი დოკუმენტი უნდა შეავსონ და შემდეგ მათ ხელისუფლება მხოლოდ 2000 ევროს გადასცემს. მემორიალები იხსნება და საკანონმდებლო ინიციატივებიც ჩნდება. მაგრამ მათ ვინც ამ საშინელი თავდასხმის შედეგად იტანჯება, ეფექტურ  დახმარებას არავინ უწევს“, – ამბობს დაზარალებულთა ადვოკატი კარლ ნიული.

„ საქმე ფულში ნამდვილად არ არის, ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ეხება, ნაცვლად იმისა, რომ საქმე გააკეთონ, მემორიალურ ქვას აღმართავენ და ცდილობენ ამით გაგვაჩუმონ “,- ამბობს ვენდი.

17 დაზარალებულის მოთხოვნას არ ეხმაურება არც შინაგან საქმეთა მინისტრი და არც იუსტიციის მინისტრი. პასუხი სამთავრობო უწყებებიდან არც ევრონიუსს მიუღია.

საგამოძიებო კომისიამ სახელმწიფოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაშვებულ შეცდომებზე საჯაროდ არაერთხელ მიუთითა. კომისიის წევრ ფრანც მერლის, მაგალითიც მოყავს.

„ზაფხულში ვენაში ჯიჰადისტების შეხვედრა იყო, ჩვენი დამნაშავეც ესწრებოდა ამ შეკრებას, მაგრამ ამის შესახებ არცერთი შეფასება არ გაკეთებულა“- ამბობს საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი  ფრანც მერლი.

როგორც ამბობენ შეხვედრას ტერაქტის მონაწილე სხვა თანამზრახველებიც ესწრებოდნენ. მათ მკვლელობის ხელშეწყობაში ედებათ ბრალი.

პროკურატურა  საიდუმლო სამსახურის 2 ოფიცერის საქმეს იძიებს. კომისიის თავმჯდომარის მტკიცებით, გამოძიება ცდილობს მთელი პასუხიმგებლობა მხოლოდ ამ ოფიცრებს დააკისროს.


უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend