მთავარიCOVID-19როდესაც საავადმყოფოებში ადგილები არ არის, შენც გიჩნდება შიში - პაციენტი, რომელმაც კორონავირუსი...

როდესაც საავადმყოფოებში ადგილები არ არის, შენც გიჩნდება შიში – პაციენტი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართვლოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. 2020 წლის 26 – თებერვალს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში პირველმა კოვიდინფიცირებულმა პაციენტმა დაიწყო მკურნალობა. ამას მოჰყვა კორონავირუსის შემთხვევების ზრდა და  სრული კარანტინი. საქართველოში დღეს ისევ მოქმედებს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები. ამ დროისათვის, კორონავირუსით  ქვეყანაში 270 ათასზე მეტი პირი დაინფიცირდა. მათგან 264 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა. 3400-ზე მეტი კი გარდაიცვალა. საქართველო კვლავ  ვაქცინის მოლოდინშია. ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, როდის დაიწყება ვაქცინაცია.

“ეს არის ის სასტუმრო და ის აივანი, სადაც ზუსტად 12 დღე მომიწია ყოფნა. არ იყო მარტივი ეს დღეები, მაგრამ ალბათ მე იმ კუთხით გამიმართლა, რომ ისეთ ადგილას მომიწია ყოფნა, სადაც აივანზე გამოსვლა მაინც შემეძლო და მქონოდა გარე სამყაროსთან კომუნიკაცია, თუნდაც უცხოებთან, ქუჩაში გამვლელებთანაც კი”, – ამბობს რუსა შენგელია, რომელმაც კოვიდინფექცია გადაიტანა.


2020 წლის ოქტომბერში რუსა მაღალი ტემპერატურით კოვიდ სასტუმროში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მალევე გაუმჯობესდა, თუმცა იმ დროს არსებულმა ვითარებამ შიში გაუჩინა, რომ  გართულების შემთხვევაში, მისი ადგილი სამედიცინო დაწესებულებებში შესაძლოა აღარც ყოფილიყო.

“მთელი ის პერიოდი მუდმივად ისმენ, რომ კლინიკებში ადგილი არ არის, ვიღაცას ჰოსპიტალიზაცია სჭირდება და ვერ ხერხდება. ამ დროს შეიძლება არ ხარ ცუდად, მაგრამ გიჩნდება შიში, შენც რომ დაგჭირდეს და ვერ შეძლო სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის გაგრძელება. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ამ ქუჩაზე ამოსულა სასწრაფო დახმარების მანქანა და 3-4 საათს ელოდებოდნენ, როდის გათავისუფლდებოდა საავადმყოფოში ადგილი, თუნდაც რომელიმე რეგიონში”,- ამბობს რუსა შენგელია.

რუსამ 25-ე დაბადების დღე კოვიდ სასტუმროს აივანზე იზეიმა. მისი მთავარი სურვილი კი კორონავირუსის დამარცხება იყო. რუსას დაბადების დღე ოქტომბერშია. მაშინ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებებში მყოფი პაციენტების მდგომარეობა ბევრად რთული იყო. კორონავირუსთან ბრძოლა სწორედ ამ კლინიკაში დაიწყო. აქ მიიღეს პირველი ინფიცირებულები.

“პირველი პაციენტი მარტო არ ყოფილა. ორი მეგობარი იყო ჩამოსული უცხოეთიდან. ერთს რომ დაუდასტურდა, მეორემ უარი განაცხადა ინფიცირებული მეგობრის დატოვებაზე და ბოლომდე ერთად იყვნენ. ჩვენთვის საშიში ვირუსი, მისთვის არ აღმოჩნდა იმდენად საშიში, რომ მეგობარი მარტო დაეტოვებინა”, – ამბობს ინფექციური საავადმყოფოს ექიმი, რევაზ მეჭურჭლიშვილი.

“პირველი პაციენტის გარდაცვალებამ ჩვენთვის, ექიმებისთვისაც შიში გამოიწვია. როდესაც გამოჯანმრთელებამდე იგებს პაციენტი სხვა ინფიცირებულის გარდაცვალების შესახებ, ეს ძალიან რთულია”, – ამბობს ექიმი რევაზ მეჭურჭლიშვილი.

ინფიცირებულთა რაოდენობამ დეკემბერში მიაღწია პიკს. კოვიდინფიცირების რიცხვი დღეში  5450-ს აღწევდა.  19 დეკემბერს კი გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – ამ დღეს 53 პაციენტი გარდაიცვალა. სულ უფრო მეტად გართულდა საავადმყოფოებში თავისუფალი ადგილების პოვნა.

გამოცხადდა კარანტინი. დაწესდა შეზღუდვები. პირბადის გამოყენება კი სავალდებულო გახდა. გიორგი ხიდეშელი ზედმიწევნით იცავდა რეკომენდაციებს.  პირბადის გარეშე არსად გასულა და დისტანციასაც მუდმივად იცავდა. ამ დრომდე ისე მოვიდა, რომ მართლაც აიცილა თავიდან კორონავირუსი.

“ყველაზე რთული პერიოდი მაინც ახალი წელი იყო, როდესაც ყველას მხიარული განწყობა აქვს. თუმცა ეს პერიოდიც სახლში გავატარე. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ადამიანები მაინც ცდილობდნენ შეკრებას, ვიწრო ჯგუფებად აღნიშნავდნენ დღესასწაულს. მათ შორის მეც მქონდა მოწვევა, გულით დამპატიჟეს საახალწლო წვეულებაზე, მომიწია, რომ უარი მეთქვა ამ შემოთავაზებაზე. ამით ვუფრთხილდებოდი არა მხოლოდ ჩემს თავს, არამედ მათაც”,- ამბობს გიორგი ხიდეშელი, რომელსაც კოვიდინფექვია არ გადაუტანია.

იმისთვის, რომ კოვიდ სასტუმროში, ამ აივანზე აღარ მოხვდეს, რუსა ვაქცინას ელოდება. ვაქცინას, რომელიც საქართველოში ჯერ ისევ არ ჩანს…

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend