მთავარიdraft geoჟურნალისტ ვახო სანაიას თავდამსხმელებს ბრალი წარედგინათ

ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდამსხმელებს ბრალი წარედგინათ

საქართველოს პროკურატურა თბილისისი საქალაქო სასამართლოს ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდამსხმელების  დაპატიმრებას სთხოვს. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში 26 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 თებერვალს, თბილისში, წყნეთის ქუჩაზე, ვ.გ., გ.ს. და ს.ს. ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს ვახტანგ სანაიას, მისი პროფესიული საქმიანობის გამო თავს დაესხნენ. ბრალდებულებმა ვახტანგ სანაია ჯერ წააქციეს, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადეს, რა დროსაც ჟურნალისტს მისი პროფესიული საქმიანობის გამო შეურაცხყოფას აყენებდნენ და უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ, ხოლო ვ.გ. ვახტანგ სანაიას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედებით, ვახტანგ სანაიამ თავის და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა ს.ს-მ ძალადობა განახორციელა ვახტანგ სანაიას თანმხლებ ნ.მ-ს მიმართ.

სამართალდამცველებმა ვ.გ., გ.ს. და ს.ს. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და დევნა კატეგორიულად მიუღებელია.

„შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას ატარებს და აღნიშნული კატეგორიის დანაშაულთან ბრძოლა უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ვახტანგ სანაიას მიმართ ჩადენილ დანაშაულზე, როგორც მსგავსი კატეგორიის სხვა დანაშაულებზე, უწყებას მკაცრი მიდგომა ექნება. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და დევნა კატეგორიულად მიუღებელია. ბრალდების მხარე დაზარალებულის კანონიერი ინტერესების დასაცავად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ქმედებას განახორციელებს.

პროკურატურამ ვ.გ.-ს, გ.ს.-ს და ს.ს.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend