მთავარი ამბები მსოფლიო ბანკი: „ლურჯი“ ეკონომიკის საშუალებით საქართველომ კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია უნდა დააჩქაროს

მსოფლიო ბანკი: „ლურჯი“ ეკონომიკის საშუალებით საქართველომ კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია უნდა დააჩქაროს

„მწვანე სანაპირო და ლურჯი ზღვა მდგრადი საქართველოსთვის“ –  ამ სახელწოდების ვირტუალური ღონისძიება გაიმართა 25 თებერვალს მსოფლიო ბანკის, შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციისა (BSEC) და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობით, რომელზეც კლიმატის ცვლილებისა და ზღვის დაბინძურების საკითხებზე იმსჯელეს.

ღონისძიებაზე გასაჯაროვდა მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლების შდეგები და რეკომენდაციები, რომლებიც წარმოდგენილია ბოლოდროინდელ ორ ანგარიშში: „კლიმატის ცვლილების ზემოქმედება საქართველოს სანაპირო ზოლზე: მოწყვლადობის შეფასება და ადაპტაციის შესაძლებლობები“ და „სანაპირო ზოლის დეგრადაციის ფასი საქართველოში: სანაპირო ზოლის ადაპტაციისა და ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განხორციელების ხელშესაწყობი მონაცემები“.

ორივე ანგარიში განსაზღვრავს ძირითად კლიმატურ რისკებს, მოწყვლადობას და სანაპირო ზოლის ეკოლოგიური დეგრადაციის ხარჯებს დაბინძურების, წყალდიდობის,  ეროზიის,  სასოფლო-სამეურნეო ნიადაგისა და ტყის მდგომარეობის გაუარესების გამო. ადაპტაცია კლიმატის ცვლილების მიმართ წყლის რესურსების ეფექტური გამოყენებით და სანაპირო რაიონებში COVID-19-ის პანდემიის შემდეგ ტურიზმის დაბრუნებით სანაპიროს ადაპტაციისთვის რეკომენდებულ პრიორიტეტულ ქმედებებს შორისაა.

„საქართველოს პრიორიტეტია, გააძლიეროს თავისი სანაპიროს, საზღვაო სივრცისა და ტურიზმის მდგრადობა და შეამციროს შავი ზღვის დაბინძურება,“ აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.

მსოლფიო ბანკის მიხედვით, მსოფლიო ბანკისგან გაზიარებული გლობალური ცოდნითა და მისი მხარდაჭერით, საქართველოს კარგი პოზიცია აქვს 2015 წლის პარიზის ხელშეკრულების თანახმად აღებული კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებაში ახალი ეტაპის დასაწყებად. სანაპირო ზოლში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის ღონისძიებებთან ერთად, გაცილებით მდგრად, „ლურჯ“ ეკონომიკაზე გადასვლა შესაძლოა ქვეყნისთვის სტრატეგული მიზანი გახდეს, რომელიც ხელს შეუწობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგისა და ეროვნული განვითარების ამოცანების განხორციელებას  სანაპირო და საზღვაო რესურსების გამოყენებისას გარემოს დეგრადაციის და ეკოლოგიური დისბალანსის თავიდან არიდების პარალელურად.

„მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბანკის ანგარიშებში ხაზგასმულია სანაპირო ზოლზე კლიმატის ცვლილების ზემოქმედების და უმოქმედობით გამოწვეული მზარდი ხარჯების შემცირების გადაუდებელი აუცილებლობა,  ჯერ კიდევ არ არის ძალიან გვიან, რომ განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები კლიმატის ცვლილების მიმართ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ადაპტაციის უზრუნველსაყოფად. მთლიანობაში, „ლურჯი“ ეკონომიკა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის,“განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

ვირტუალურ ღონისძიებაზე ასევე  გაიმართა კონსულტაციები „შავი ზღვის გალურჯების“ პროგრამის თაობაზე, რომელიც წარმოადგენს მსოფლიო ბანკისა და „შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ (BSEC) მხარდაჭერილ რეგიონულ ინიციატივას ზღვის დაბინძურებაზე რეაგირებისთვის და შავი ზღვის რეგიონში “ლურჯ” ეკონომიკაში ინვესტიციების დაჩქარებისთვის.

მსოლფიო ბანკი აღიარებს რეგიონისთვის შავი ზღვის ეკოლოგიური რეაბილიტაციის კრიტიკული მნიშვნელობას და აქედან გამომდინარე, მხარს უჭერს საქართველოს, ისევე როგორც რეგიონის სხვა ქვეყნებს, შავი ზღვის დაბინძურების პრევენციისა და კონტროლის მიმართულებით თანამშრომლობაში.

“გარემოს დაბინძურება ერთი ქვეყნის საზღვრებს სცდება და რეგიონულ გადაწყვეტას საჭიროებს. რეგიონული მიზნები იმგვარ ეროვნულ ინვესტიციებად უნდა გარდაიქმნას, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც მარტო ებრძვის დაბინძურებას,  არ შეუძლია სასურველი ხარისხის უზრუნველყოფა ზღვის წყლის ისეთ დახურულ ეკოსისტემაში, როგორიცაა შავი ზღვა. აუცილებელია საერთო ეკოსისტემის და რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის განხილვა,“- აღნიშნა მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების მიმართულების რეგიონულმა დირექტორმა სტივენ შონბერგერმა.

„შავი ზღვის გალურჯების” ინიციატივასთან დაკავშირებული კონსულტაციები ხელს უწყობს ეროვნული და რეგიონული დიალოგის გაძლიერებას ზღვის დაბინძურებაზე რეაგირებისთვის და საქართველოს აძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, რათა მოახდინოს  შავი ზღვის ინტეგრირება  ქვეყნის სტრატეგიაში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და მისი შერბილების მიმართულებით.

 

უახლესი

სხვა ამბები