მთავარიკუბივახო სანაიაზე განხორციელებულ თავდასხმას ამერიკის საელჩო და არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან

ვახო სანაიაზე განხორციელებულ თავდასხმას ამერიკის საელჩო და არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან

არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ჟურნალისტ ვახო სანაიაზე განხორციელებულ თავდასხმას გმობენ.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტ ვახო სანაიას და მის ოჯახს თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე 24 თებერვლის ღამეს დაესხნენ თავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ, რომ გამოძიების მიხედვით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა ურთიერთელაპარაკების ნიადაგზე ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს „ფორმულას“ ჟურნალისტზე.

 
ვახო სანაია ფორმულასთან ინტერვიუში საუბრობს, რომ დაზიანება თავზე, ხელებზე და ფეხზე მიაყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. დანაშაული ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„აშშ-ის საელჩო გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას. ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღნიშნულ საქმესთან ერთად, სრულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ძალადობის სხვა გაუხსნელი საქმეები“, — ვკითხულობთ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ასეთ ფაქტებზე სახელმწიფოს განსაკუთრებით მკაცრი რეაგირება უნდა ჰქონდეს.

„ჟურნალისტის პროფესია და მისი დამოუკიდებლობა სახელმწიფოს დემოკრატიულობის უმნიშვნელოვანესი ნიშანია. ქვეყანაში უნდა არსებობდეს ინფორმაციის გავრცელების თავისუფალი შესაძლებლობა, მიუხედავად მისი შინაარსისა“, — ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.

„ერთმნიშვნელოვნად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო, მედიის წარმომადგენლების მიმართ. მადლობას ვუხდი შსს-ს თავდამსხმელების ოპერატიულად დაკავებისთვის. გარწმუნებთ, სახელმწიფოს მხრიდან პასუხი იქნება ადეკვატური და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს“, — წერს ღარიბაშილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend