მთავარიმსოფლიოევროპაევროპაში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება

ევროპაში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება

ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის მაჩვენებელი კვლავ იზრდება. სწორედ ამიტომ საფრანგეთში რამდენიმე ქალაქი უქმე დღეებში ჩაიკეტა. უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა შვედეთმაც- შეიზღუდა კვების ობიექტების სამუშაო საათები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დასაშვები ადამიანების რაოდენობა. გერმანია კი ვირუსს ვაქცინასთან ერთად ახალი ტესტებით ებრძვის, რომელთა დახმარებით მოქალაქეები მედპერსონალის გარეშე შეძლებენ გაიგონ, არიან თუ არა ინფიცირებულები.

ჩრდილოეთ საფრანგეთში ქალაქ დიუნკერკში ინფიცირების მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მაჩვენებელზე ცხრაჯერ მაღალია. სწორდეს ამიტომ, მთავრობამ მიიღო შაბათ-კვირას ქალაქის ჩაკეტვის გადაწყვეტილება.

რამდენიმე დღით ადრე კი ლოქდაუნი გამოცხადდა ფრანგულ რივიერაზე, რომელსაც ლაჟვარდოვან ნაპირსაც უწოდებენ.

მიუხედავად ამისა, საფრანგეთის მთავრობა მთელი ქვეყნის ჩაკეტვას კვლავ არ გეგმავს.

 
„დიუნკერკსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში შაბათ-კვირას ლოქდაუნი დაწესდება. ცხადია, იშვიათი გამონაკლისები დასაშვები იქნება. ასევე, იმუშავებს ისეთი დაწესებულბები, როგორიცაა სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები. სხვა სახის სავაჭრო ცენტრები კი დაიხურება. ვიმეორებ, ჩვენს ქვეყანაში არაა ეპიდემიოლოიურად კარგი ვითარება. და არა მარტო საფრანგეთში, ზოგადად, ევროპაში“, – განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიერ ვერანმა.

საფრანგეთის მსგავსად შვედეთიც ამკაცრებს უსაფრთხოების ზომებს.

ქვეყანამ სრულიად შეცვალა კოვიდთან დაკავშირებული პოლიტიკა და ახლა უკვე ზღუდავს კაფე-ბარების სამუშაო საათებს. ასევე განსაზღვრულია მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებში მყოფ ადამიანთა რაოდენობა, რათა მორიგი ტალღა აირიდონ.

გერმანიაში ჯანდაცვის მინისტრმა ახლახანს კორონავირუსის ტესტირების ახალი ხელსაწყოს შესახებ განაცხადა, რომლის დახმარებით ადამიანი თავად იტარებს ტესტირებას. მისი თქმით, ტესტები ხელმისაწვდომი უახლოეს დღეებში გახდება.

„ვირუსი ჯერ კიდევ არ ნებდება. შემთხვევების რაოდენობა კვლავ მზარდია. მიუხედავად ამისა, დღითი დღე გვაქვს უფრო მეტი რესურსი, რომ გავუმკლავდეთ არსებულ სიტუაციას და დავიბრუნოთ ადრინდელი ცხოვრება. ამაში კი მნიშვნელოვან წვლილს ტესტირება შეიტანს“, – განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა.

ამავდროულად, აშშ-ის მარეგულირებელმა ორგანიზაციამ დაადგინა, რომ ჯონსონ ენდ ჯონსონის ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია. შესაბამისად, მისი გამოყენება მისასალმებელია.

კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინამ შესაძლოა კოვიდ-19-ის გავრცელების რისკი მნიშვნელოვნად შეამციროს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend