მთავარისაქართველოკრიზისთან გამკლავების რა გზებს მიმართეს მათ, ვინც პანდემიის გამო სამსახური დაკარგა

კრიზისთან გამკლავების რა გზებს მიმართეს მათ, ვინც პანდემიის გამო სამსახური დაკარგა

მედეა პროფესიით მსახიობია. თუმცა, ორი წლის წინ, იძულებული გახდა თეატრიდან წასულიყო, რადგან ანაზღაურება დაბალი ჰქონდა და ძალიან გაუჭირდა. გადაწყვიტა ახალი პროფესია აეთვისებინა და გიდად დაიწყო მუშაობა. მალე ამ პროფესიაშიც შეიქმნა პრობლემები. პანდემიამ ტურიზმის სფეროს განსაკუთრებული ზიანი მიაყენა. მედეა ისევ უმუშევარი დარჩა.

„არანაირი შემოსავალი არ მქონდა და ჩემს ოჯახს კისერზე დავაწექი. მაგრამ მაშინვე დავიწყე რაღაცის მოფიქრება“,- თქვა მედეამ.  მედეა არ დანებდა და ისევ ახალი საქმის ძებნა დაიწყო – თიხაზე დაიწყო მუშაობა.


„ეს იყო ჩემი გატაცება. ჩემი ჰობი. სადღაც 2012 თუ 2013 წელი როდესაც პოლიმერული თიხა აღმოვაჩინე. მერე ნელ ნელა ინსტრუმენტებიც შევიძინე. აქამდე სულ ახლობლებისთვის ან ჩემი გულის გასახარად ვაკეთებდი. მერე სახლში დაჯდომა რომ მომიწია და არანაირი შემოსავალი არ მქონდა გადავწყვიტე კიდევ ერთ პროფესიად მექცია ეს ჩემი გატაცება და დავიწყე შეკვეთებზე მუშაობა“, – ყვება მედია

მედეას მსგავსად, ალტერნატიული შემოსავლის წყაროების მოძიება მოუწია კახას, რომელიც პანდემიამდე დიჯეი იყო. სხვადასხვა სახის დროებითი სამუშაოს გარდა, კახამ შემოსავლის დამატებით ხერხებსაც მიმართა. მუსიკოსი ამბობს, რომ მას პანდემიის დაწყებიდანვე ფინანსური პრობლემები შეექმნა.

„გადავწყვიტე გამექირავებინა საკუთარი აპარატურა. ან თუნდაც ბევრი ისეთი ნივთი გამეყიდა, რომელთა ყიდვისთვისაც დიდი შრომა ჩავდე“, – ამბობს დიჯეი.

აპარატურის გაქირავებით, ერთხანს გაიტანა თავი, მაგრამ მალევე მიუბრუნდა საყვარელ საქმეს. კახამ მუსიკალური სტუდია შექმნა, სადაც მუსიკოსებს სივრცის დაჯავშნა, რეპეტიციები და კომპოზიციის ჩაწერა შეეძლებათ. DJ ZEH-ი კახას სასცენო სახელია, მას სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს.

„გვინდა ხალხი თავის ძველ საქმიანობას დაუბრუნდეს, ძველ ურთიერთობებს… და გვქონდეს საკუთარი სივრცე, რომელიც იმ ადამიანებს გააერთიანებს, ვინც ამ ყველაფერს არის მოკლებული“, – ამბობს კახა.

ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილს მიაჩნია, რომ კრიტიკულ მომენტში, განსაკუთრებით აქტიურდება ისეთი უნარები, რომელთაც ადამიანი მანამდე იშვითად იყენებდა.

„დღევანდელ დღეს, რაღაც შესაძლებლობები გეზღუდება, მაგრამ ახალ შესაძლებლობებსაც გიჩენს. მოდით ამ სათვალით შევხედოთ ამ ვითარებას. შესაძლებელია რომ ისეთი რამ აღმოაჩინო შენში ან გარემოში, რაზეც წინათ არ დაფიქრებულხარ და არ გამოგიცდია. ზოგჯერ კრიზისი გვიბიძგებს, რომ ჩვენი შესაძლებლობების ისეთი ნაწილი ავამოქმედოთ რაც პასივში გვქონდა და აქტივში მოვიყვანოთ. ამან შეიძლება ცხოვრების სულ ახალი პერსპექტივა გახსნას, როგორც ინდივიდის და ასევე საზოგადოების დონეზე“,- ამბობს ფსიქოლოგი ევრონიუს ჯორჯიასთან საუბარში.

პანდემიამ უამრავი პრობლემა მოუტანა ხალხს. გულსატკენი და გამოუსწორებებლი ამბებიც მოხდა. მედეასა და კახას თუ დავუჯერებთ, ზოგჯერ ახალი ასპარეზი იქ იხსნება, სადაც არასდროს ელი.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend