მთავარიევროპაჩეხეთის რესპუბლიკაჩეხეთის საავადმყოფოები კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებით არის გადატვირთული

ჩეხეთის საავადმყოფოები კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებით არის გადატვირთული

კორონავირუსის გავრცელების მხრივ მძიმე ვითარებაა ჩეხეთში. ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად 11 000-ს აღწევს, შედეგად ქვეყნის სამედიცინო სექტორი გადატვირთულია და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში თავისუფალი საწოლების დეფიციტია. ჩეხეთი გეგმავს, დახმარებისთვის მეზობელ ქვეყნებს მიმართოს.

დასავლეთ ბოჰემიაში კარლოვი-ვარის კურორტი, რომელიც სამკურნალო წყლებითა და საერთაშორისო ფილმების ფესტივალითაა ცნობილი, ახლა მოჩვენებათა ქალაქს ჰგავს.

კარლოვი-ვარის საავადმყოფოს სპიკერის, ვლადისლავ პოდრაცკის განცხადებით, მიმდინარე დღეს 6 თავისუფალი საწოლი ჰქონდათ, თუმცა სიტუაცია შესაძლოა, ძალიან სწრაფად შეიცვალოს. პრობლემის გადასაჭრელად კი მათ ყოველდღიურად 10-15 პაციენტი ახლო მდებარე კლინიკებში გადაჰყავთ.

თუმცა ჩეხეთში სიტუაციის გაუმჯობესებას ჯერ არ ელიან.  მედპერსონალი უკვე ძალიან გადაიღალა.

ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვლადიმირ ცერნი აღნიშნავს, რომ პრობლემა არსებულ რესურსებშია და რომ ჩეხეთი მსგავს სიტუაციაში არასდროს ყოფილა.

როდესაც დარჩენილი საწოლების რაოდენობა 10%-ს მიაღწევს, ჩეხეთის ოფიციალური პირები გეგმავენ, დახმარებისთვის მეზობელ ქვეყნებს მიმართონ.

სიტუაცია ჩეხეთში უკეთესობისკენ არ იცვლება. ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა 11 000-ს აღწევს. როგორც ცნობილია, კორონავირუსი დაუდასტურდა ქვეყნის ექსპრეზიდენტ ვაცლავ კლაუსს. იგი ნიღბის ტარებაზე უარს ამბობდა, რადგან მიაჩნდა, რომ ეს ადამიანის უფლებების შეზღუდვა იყო.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 თებერვლიდან ჩეხეთში საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებსა და ტრანსპორტში სავალდებულო გახდა FFP2 ნიღბის ტარება, თუმცა შესაძლოა, ქვეყანაში ახალი, უფრო მკაცრი შეზღუდვებიც დაწესდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend