მთავარისაქართველონიკა მელიას დაკავებას დიპლომატები ეხმაურებიან

ნიკა მელიას დაკავებას დიპლომატები ეხმაურებიან

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“- ლიდერის ნიკა მელიას დაკავების ფაქტს დიპლომატები ეხმაურებიან. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განცხადება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა.

„ყურადღებით ვაკვირდები საქართველოში, თბილისში განვითარებულ მოვლენებს, მე მოვუწოდებ მთავრობასა და ოპოზიციას, გამოიჩინონ თავშეკავება, ჩაერთონ პოლიტიკურ დიალოგში, რათა მოგვარდეს არსებული პოლიტიკური კრიზისი“, – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.


ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა  და მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.  „დღის სამწუხარო დასაწყისი ვიხილეთ თბილისში, ოპოზიციური პარტიის ოფისში განვითარებული მოვლენები. ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოვუწოდებ საქართველოს მომავლისთვის. ძალადობამ და ესკალაციამ არ შეიძლება, გამოიწვიოს დადებითი შედეგები“, – წერს ლიეტუველი დიპლომატი.

დილით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება  საქართველოში ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი და მხარეებს სიმშვიდისკენ  მოუწოდებს. „დილით „ნაციონალური მოძრაობის“ სათავო ოფისში განვითარებული მოვლებებით შოკირებული ვარ. თბილისში ძალადობა და ქაოსი არის ბოლო რამ, რაც საქართველოს ახლა სჭირდება. მოვუწოდებ ყველა მხარეს, იმოქმედონ თავშეკავებულად, ახლა და უახლოეს დღეებში“ – წერს ბრიტანელი დიპლომატი .

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი შემაშფოთებელს უწოდებს. კინზინგერი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, უარი თქვას დრამატულ მოქმედებებზე.

„ეს საქართველოს მთავრობის ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯია. დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, მთავრობას მოვუწოდებ, თავი დაანებოს ამ დრამატულ მოქმედებას. ყველანი ვუყურებთ. პირდაპირ ეთერში ვუყურე ამ რეიდს. მე, როგორც საქართველოს ფრაქციის თანათავმჯდომარე, ძალიან შეშფოთებული ვარ. ახლახან შემოვიტანეთ საქართველოს მხარდაჭერის აქტი. ეს არ არის ის, რაც ავტომატურად ხდება”, – წერს კინზინგერი „ტვიტერში“.

ნიკა მელიას დაკავებას აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე მაიკლ კარპენტერიც ეხმაურება და ნიკა მელიას დაკავებას  სამწუხარო მოვლენას უწოდებს. „ძალიან სამწუხარო მოვლენები ვითარდება საქართველოში, ოპოზიციური პარტიის ცენტრალურ ოფისში შტურმთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, რომ ცივი თავები გაბატონდებიან და ჯერ კიდევ შესაძლებელია ვითარების დეესკალაცია“, – წერს „პენ ბაიდენის ცენტრის“ დირექტორი და აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე მაიკლ კარპენტერი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია,  სამართალდამცველებმა დილით „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დააკავეს. მასთან ერთად  დაკავებულია 21 ადამიანი  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend