მთავარი საქართველო ნიკა მელია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დააკავეს

ნიკა მელია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დააკავეს

მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია  დააკავეს. იგი სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარტიის ცენტრალურ ოფისში დააპატიმრა, რასაც იქ მყოფი მხარდამჭერებისა და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების წინააღმდეგობა მოჰყვა. სამართალდამცველებთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან 21 მოქალაქე დააკავეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, ოპოზიცია მთელი ღამის განმავლობაში ელოდა სამართალდამცველების გამოჩენას. ისინი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დილის რვა საათისთვის მივიდნენ. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ კი სპეციალური დანიშნულები რაზმი შენობაში შევიდა და ნიკა მელია სამუშაო ოთახიდან იძულებით გამოიყვანა. შენობაში მყოფი მოქალაქეები ამბობენ, რომ პარტიის თავმჯდომარის დაკავებისას სამართალდამცველები ცრემლსადენ აირს იყენებდნენ.

ნიკა მელიას დაპატიმრებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფთა პროტესტი მოჰყვა. ნიკა მელიას მხარდამჭერები პოლიციის დანაყოფებს შეძახილებით აცილებდნენ. სამართალდამცველები და აქციის მონაწილეები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. შეხლა-შემოხლის შედეგად, 21 მოქალაქე დააკავეს.

“ჩვენ ნიკა მელიას თხოვნით და მოწოდებით, შეგნებულად არ გაგვიწევია წინააღმდეგობა პოლიციისთვის. გაშლილი ხელებით ვიცავდით იმ ადგილს, სადაც ვიყავით. არცერთი პოლიციელისთვის ხელი არ დაგვირტყამს, არცერთი პოლიციელისთვის შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია. სპეც. რაზმელები შემოვარდნენ ძალისმიერად. ზოგს წიწაკის სპრეი შეასხეს, ცრემლსადენი აირი გამოიყენეს და ძალით გაგვყარეს შენობიდან”, – ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, აქტივისტი ირაკლი ჩხვირკია.

ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განცხადებები გააკეთეს და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დაპატიმრების უარყოფით შედეგებზე ისაუბრეს.

“როცა ასეთ ნაბიჯს დგამენ იმ გათვლით, რომ ამით დააშინებენ საზოგადოებას, ჩვენი ვალია, ახლა მოვახდინოთ რეაგირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენზე უფრო ნაკლებად სახიფათო მდგომაროებაში მყოფი ქვეყნები ჩავარდნილან დიდი ხნით ავტორიტარიზმის ჭაობში და ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ხელიდან გავუშვათ თავისუფლების დაცვის შანსი”, – განაცხადა პარტია “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

“ჩვენ ან გავხდებით რუსეთის იმპერიის ნაწილი და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების მხოლოდ 20 პროცენტი კი არ იქნება  ოკუპირებული, არამედ მთელი ქვეყანა იქნება ოკუპირებული ისე, რომ ვერც გავიგებთ. ან ჩვენ გავხდებით ცივილური, დასავლური, ნორმალური, სამართლიანი სამყაროს ნაწილი”, – განაცხადა პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

მალევე დაანონსდა მასშტაბური აქცია, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციასთან 15:00 საათზე გაიმართა და შემდეგ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა.

ამჟამად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია. თანაგუნდელები და გულშემატკივრები კი აცხადებენ, რომ მის გათავისუფლებას მალე შეძლებენ.

ნანუკა მეშველაშვილი

 

 

 

 

 

უახლესი

სხვა ამბები