სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში, აიყვანეს. მანამდე პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.
სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში რამდენიმე დღის განმავლობაში ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც ნიკა მელიას იცავდნენ.
ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციის დროს პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.
აქციაზე რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანას აპროტესტდებდნენ.
მელიას ამ საქმეზე აღკვეთის ზომად გირაო ჰქონდა შეფარდებული. ნიკა მელიამ გირაოს თანხის გადახდაზე უარი თქვა, რის შემდეგაც პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით. მანამდე პარლამენტმა დააკმაყოფილა პროკურატურის მიმართვა და მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა.