მთავარი ამბები ოცდაორი არასამთავრობო ორგანიზაცია ნიკა მელიას დაკავებას გმობს

ოცდაორი არასამთავრობო ორგანიზაცია ნიკა მელიას დაკავებას გმობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას 22 არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა. ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნიკა მელიას დაკავებას პოლიტიზებული უწოდეს. ისინი თვლიან, რომ ეს ნაბიჯი გაამწვავებს პოლიტიკურ კრიზსს და დააზიანებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას.

განცხადებას ხელს აწერს 22 არასამთავრობო ორგანიზაცია:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“;

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „საქართველოს ატლანტიკური საბჭო“, „კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი“, „საზოგადოება და ბანკები“, „მედიის განვითარების ფონდი“, „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“, „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი“, „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“, „ღია საზოგადოების ფონდი“, ცენტრი “ემპათია”, „საფარი“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“,  „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, „საქართველოს გაეროს ასოციაცია“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „მწვანე ალტერნატივა“, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“, „დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები გმობენ 23 თებერვალს ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილებას.

„დღეს, 23 თებერვალს დილის 7:30 საათზე საქართველოს მთავრობამ საპოლიციო ძალის გამოყენებით “ნაციონალური მოძრაობის” ოფისიდ შესვლა დაიწყო. სპეციალური ღონისძიების მიზანს სასამართლოს მიერ 17 თებერვალს მიღებული პოლიტიზირებული გადაწყვეტილების აღსრულება და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება წარმოადგენდა. იმ მომენტისთვის შენობაში ნიკა მელიას მხარდასაჭერად სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები და აქტივისტები იყვნენ შეკრებილი. საბოლოოდ, სამართალდამცველებმა ნიკა მელია დააკავეს“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები თვლიან, რომ ხელისუფლებას  რთული ვითარების განმუხტვა არაძალადობრივი გზითაც შეეძლო, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის დაკავებამ კი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი დააზიანა.

„ვგმობთ საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებას არსებული ვითარების განმუხტვა სამართლებრივი და არაძალადობრივი მეთოდებითაც შეეძლო. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება არ დაელოდა სააპელაციო სასამართლოში მელიას საჩივრის განხილვას და არ აჩვენა მძიმე ვითარების განმუხტვის და პოლიტიკური პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვის ნება. ცხადია, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავება საქართველოს ახლად არჩეული პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილი აგრესიული რიტორიკის გაგრძელებაა. საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გასული დღეების განმავლობაში გამოთქმული გაფრთხილებებისა და მოწოდებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად დააზიანა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ისედაც დამძიმებული პოლიტიკური პროცესი დღეს ჩიხშია შესული, რაზეც პასუხიმგებლობა მმართველ ძალას ეკისრება.

„საქართველოს მთავრობას სიტუაციის განმუხტვის რეალური პოლიტიკური ნება კრიზისის გამწვავების არც ერთ ეტაპზე არ გამოუჩენია. აღნიშნული ქმედებით კი სიტუაციის კიდევ უფრო მეტად ესკალაციისკენ გადადგა ნაბიჯი, რაც შესაძლოა ქვეყნისთვის გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იყოს. ცხადია, რომ პროცესების მომავალ გამწვავებაზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ მმართველ ძალას ეკისრება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება ცალსახად ესკალაციის გზას ადგას, რთულია მისგან ადექვატური გადაწყვეტილების მოლოდინი“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციების აზრით,  შექმნილ სიტუაციაში მნიშვნელოვანია შეჩერდეს საზოგადოების პოლარიზაცია, რომ ის სამოქალაქო დაპირირპირებაში არ გადაიზარდოს.

„მოვუწოდებთ ჩვენი ქვეყნის მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს შესაბამისი რეაგირებისკენ. დღეს როგორც არასოდეს, საქართველოს სჭირდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა, ვინაიდან, სიტუაციის უფრო მეტად ესკალაციის შემთხვევაში, ქვეყანამ შესაძლოა დამოუკიდებლობის პერიოდში მოპოვებული ყველა მიღწევა დაკარგოს“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციებსი მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend